”შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ქარსელაძე წლებია მმართველი გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მუშაობს. მის სახელს უკავშირდება ტურიზმის განვითარების ფონდი, ასევე ბიძინა ივანიშვილის სასტურმო პარაგრაფი, შეკვეთილში, თბილისი პანორამა და ბევრი სხვა კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დროს სწორედ ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდა. მისი ხელმოწერაა მსხვილ გარიგებებზეც, მათ შორის სახელმწიფო ქონებების შესყიდვაზე.
ირაკლი ქარსელაძე 2012 წელს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო და ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების პარალელურად იყო ოლიგარქის კერძო ბიზნესშიც ირიბად ჩართული.
შაბათის ფორმულას აუდიტის სამსახურიდან წყარომ მიაწოდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირაკლი ქარსელაძისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაგალითად, საქმე ეხება განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გასულ წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანია ბლექსი რივიერამ, რომლის დირექტორიც ქარსელაძე იყო, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო მილიონზე მეტი ლარით აზარალა. ბლექსი რივიერას სპეციალურად მიღებული კანონის შესაბამისად, ყველა დარღვევა და ჯარიმა ეპატია. მიუხედავად იმისა, რომ განმუხურში სასტუმრო, ამ დრომდე არ აშენებულა, მაგრამ ტერიტორია შემოღობილია და ზღვის სანაპიროზე არავის უშვებენ.
უფრო დეტალურად:
34 ათასზე მეტი კვადრატული მიწა ზღვის პირას – ივანიშვილის კომპანია – ბლექსი რივიერამ 2016 წელს სახელმწიფოსგან აუქციონზე შეღავათიან ფასად, 2 266 500 ლარად შეიძინა. ეს იმ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომელიც შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ აუდიტის სამსახურიდან მიაწოდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბლექსი რივიერას, რომლის მაშინდელი დირექტორი ახლა რეგიონალური განვითარების მინისტრი, ირაკლი ქარსელაძეა, 2020 წელს 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. საინვესტიციო თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო 1 316 728 ლარით აზარალა.
განმუხურში ფეშენებელური სასტუმროს სანახავად ჩასულ შაბათის ფორმულას მხოლოდ 6 სართულიანი შენობის კარკასი, არმატურები და დაცვის სამსახური დაგვხვდა.
ბლექსი რივიერა და ტურიზმის განვითარების ფონდი ივანიშვილის ერთადერთი ქონება არ არის, რომელსაც ქარსელაძე კურირებდა. ოლიგარქის ქონების მართვაში მას საჯარო მოხელის სტატუსი ხელს არ უშლის. ირიბად დღემდე ყველა ფინანსურ ანგარიშგებას აკონტროლებს. ქარსელაძის სახელი უკავშირდება პარაგრაფ შეკვეთილს, შპს ბლექსი რიზორთს, ოლდ სითის, სოლოლაკი რაიზს, თბილისი სითის და სხვა კომპანიებს. ყველა ოლიგარქის საკუთრებაა. მსხვილ გარიგებებში და სახელმწიფო ქონების შესყიდვებში კი სწორედ ქარსელაძის გვარი ფიგურირებს.
თანაინვესტირების ფონდში შეუსრულებელი ვალდებულებები პანდემიას გადააბრალეს. თუმცა, პანდემია 2020 ში გამოცხადდა, იქამდე კი, ბლექსი რივიერას მინიმუმ 3 წელი ჰქონდა მშენებლობის დასრულებისთვის.
აუდიტის სამსახურმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ელიტური კორუფციის გამოვლენა, საქმე შეისწავლა, თუმცა დოკუმენტში არ მოახვედრა.
შაბათის ფორმულა