ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალზე, ღვინის სააგენტომ ქართული ღვინის ჩატანა ვერ შეძლო. ქართველი მეღვინეების ნახელავი ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა მხოლოდ ხელბარგით ჩატანილი, რამდენიმე ბოთლიდან გასინჯეს.
მომხდართან დაკავშირებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება გამკაცრებულია, შესაბამისად, სააგენტოს თქმით, ტვირთის გადატანა სხვა ქვეყანაში პანდეემის დროს დაწესებული რეგულაციების გამო შეფერხდა:
“სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში… დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები… სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღვინის სააგენტოს დაფინანსება წელს ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იყო, მათთვის გაუგებარია რას მოხმარდა ეს ხარჯები. თავად ღვინის მეწარმებიის თქმით, ისინი ფესტივალზე მისვლისას “სავალალო” მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
“სირცხვილი, ამაში დახარჯულია საზოგადოებრივი ფული. მოხდა ცუდი ფაქტი. დღემდე, რომ არ გვაქვს სისტემა, ლოგისტკა და ჩვეულებრივად რომ არ მიგვაჩნია ის, რომ მეწარმეს ჰქონდეს საშუალება გააგზავნოს თავისი პროდუქტი. ჩემი კოლეგები სავალალო მდგომარეობაში იყვნენ, ზოგს 3 ბოთლი ჰქონდა, ზოგს 2 ბოთლი”, – თქვა ღვინის მეწარმე, ნიკა ბახაიამ.