სატრანსპორტო ხარჯების გაძვირების გავლენა პროდუქციის ფასზე და ნედლეულის დეფიციტი, როგორც 2022 წლის პროგნოზი

მიმდინარე წელი კოვიდპანდემიის გარდა ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე. მთელ მსოფლიოში ნედლეულის, ენერგიის, საოპერაციო და სატრანსპორტო ხარჯების ფასები მკვეთრად იზრდება. ევროპასა და აზიაში ენერგიის ფასები სამჯერ გაიზარდა. ჩინეთმა გადაწყვიტა, დაეხურა ასობით ობიექტი ნახშირბადის გამოყოფის ზღვრების დასაკმაყოფილებლად, ასევე ზამთრისთვის ენერგიის დაზოგვის მიზნით.

საქონლის ფასები გაიზარდა +30-40%-დან +300-400%-მდე პროდუქციის თუ ნედლეულის უმეტესობა სახეობისთვის.

ფოლადის ფასი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს წარმოებების საოპერაციო ხარჯებზე, ერთ წელზე ნაკლებ დროში სამჯერ გაიზარდა. გადაზიდვის ფასების ზრდას საზღვარი არ აქვს. ფასების გარდა, გარკვეული მასალების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კონტეინერების და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა მომდევნო თვეების განმავლობაში გაურკვეველი რჩება.

ამ პროცესებიდან გამომდინარე, მომდევნო წლის მთავარ გამოწვევად გაზრდილი ფასების გარდა, სწორედ ნედლეულის და პროდუქციის დეფიციტი იქცევა.

კოვიდის გამოწვევა პლასტიკისა და ცელულოზის გადამმუშავებელ კომპანიებს, განსაკუთრებულად შეეხო. პანდემიის გამო დროებით გაჩერდა საწარმოების უმეტესობა ან შეფერხებით მუშაობდა, თუმცა მეორე მხრივ, საკვების, სასმელების, თავის მოვლის, ჰიგიენის და, რა თქმა უნდა, სამედიცინო პროდუქტების შეფუთვის სექტორი ყოველგვარი შეყოვნების გარეშე განაგრძობდა მუშაობას. გაზრდილი მოთხოვნებით, რომლებიც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციასთან და მომხმარებელთა იძულებით შესყიდვებთან, რომლებიც აცნობიერებდნენ შეფუთვის მნიშვნელობას უსაფრთხოებისა და დაცვის თვალსაზრისით.

ქაღალდის და შეფუთვების ინდუსტრიას მიმდინარე წელს ნედლეულზე დაახლოებით, 70%-იანი ფასის ზრდა შეეხო. მიმდინარე სურათი კი ასეთია – გაზრდილია მოთხოვნა, დეფიციტია საწარმოო ნედლეულის და ქარხნების უმეტესობა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს წარმოების მოცულობებზე.

კითხვაზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს 2022 წელს როგორც გადაზიდვის ხარჯების, ისე ნედლეულისა და უკვე წარმოებული პროდუქციის ფასის მხრივ, შესაფუთი მასალების საწარმო „კოლორ ჯგუფის“ დირექტორმა სანდრო გახელაძემ და გადამზიდავი კომპანია „ინტელ ექსპრესის“ დირექტორმა ნათია შუბითიძემ გვიპასუხეს.

სანდრო გახელაძის თქმით, მომავალი წლის შეკვეთებზე ქარხნებთან მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია, თუმცა გარკვეული ბუნდოვანება იჩენს თავს:

„ყველა მწარმოებლისგან სტანდარტულ პასუხს მოისმენთ: „ჩვენ ვჯავშნით შეკვეთებს მომავალი წლისთვის, მაგრამ ღია ფასებით და მხოლოდ სამთვიან მოცულობებზე ვმსჯელობთ. არ ვიცი, რა იქნება მომავალ წელს, მაგრამ იქნება ფასების დიდი ზრდა. ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ და ყველა ელოდება, როგორ მოიქცევა ბაზრის ლიდერი“, – განმარტა მან.

„კოლორ ჯგუფის“ დირექტორის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ შეფუთვების და ქაღალდის ინდუსტრია ახლა ისტორიულ მომენტს გადის. ბაზრის ყველა წყარო თანხმდება იმ ფაქტზე, რომ მიმდინარე და მომავალი ფასების ზრდა კიდევ უფრო მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს სექტორს.

რაც შეეხება გადამზიდავი კომპანიის დირექტორის, ნათია შუბითიძის შეფასებას, მისი თქმით, კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო ბაზარზე, კერძოდ გემების დაცლა/დატვირთვის პროცესების შეფერხებამ, კონტეინერების დეფიციტმა გამოიწვია ფასის ზრდა ფრახტებზე რაც პირდაპირ აისახება საქონლის თვითღირებულების ზრდაზე.

„გარდა ფასის ცვლილებისა, შეფერხებები გამოიკვეთა დატვირთვისა და გადატვირთვის პორტებში, რამაც კონტეინერების მიწოდების ვადის მნიშვნელოვანი გადაცდომები გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად სიტუაცია უკონტროლოა, სამწუხაროდ, უახლოესი 6 თვის მანძილზე ტარიფებისა თუ მიწოდების პირობების დასტაბილურების მოლოდინი არ გვაქვს“, – განმარტა ნათია შუბითიძემ.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share