გურიაში მშობიარობიდან მერვე დღეს, ქალი სტუმრად ეძახოდა მისივე მშობიარობის ყველა დამსწრეს. ამ დღეს ოჯახში სტუმრებისათვის კეთდებოდა ძალიან უხვი ვახშამი, ყველაფერთან ერთად სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ორი (ანუ ახლადაბადებულის მუხლების შესაბამისად) ბურთისმაგვარი კვერი, რომლსაც „მუხლის კვერი“ ეწოდებოდა.
„მუხლის კვერს“ აიღებდნენ სუფრიდან გადასცემდნენ იმავე ან ნათესავი ოჯახის ბავშვს, რომელიც შეირჩეოდა იმის მიხედვით თუ რამდენად სწრაფად შეეძლო სირბილი, ეს თვისება ძალიან მნიშნელოვანი იყო, რადგანაც ბავშვს ორივე კვერი სირბილის დროს უნდა შეეჭამა, რაც არცთუ ისე ადვილი საქმე გახლდათ. ზოგ შემთხვევაში „მუხლის კვერს“ ჯილდოს სახით აძლევდნენ იმას, ვინც ყველაზე უფრო დიდ დახმარებას გასწევდა მშობიარობის დროს, თუმცა დასაჩუქრებულს ისევე, როგორც ბავშვს “მუხლის კვერი” სირბილის დროს უნდა შეეჭამა.
გურიაში ამ რიტუალს „ლოგინის აღება ანუ მიწის გაჯერება“ ეწოდებოდა და მისი შესრულების მიზანი ის გახლდათ, რომ ახალშობილი მალე დამდგარიყო ფეხზე, ჯანსაღიც ყოფილიყო და ისევე სწრაფად ერბინა, როგორადაც კვერის მჭამელი დარბოდა.
„მიწის გაჯერების“ რიტუალი ამის შემდეგ ასე გრძლედებოდა – იმ ადგილზე სადაც ქალმა იმშობიარა (ამისათვის იყო სპეციალური სახლიდან მოშორებული მიწური სადგომი) ბებიაქალი დანის წვერით აკეთებდა რამდენიმე პატარა ორმოს. შემდეგ აიღებდა პურის რბილ ნატეხებს და საკმეველს და აზელდა ერთმანეთში, აზელილ მასას დებდა ორმოებში და დაასხამდა ღვინოს და ქათმის ბულიონს. შემდეგ ლოცულობდა და ისე ესაუბრებოდა მიწას, როგორც ცოცხალ არსებას ეუბნებოდა, რომ ის არის ბებიაქალი, რომელმაც მიწა დააპურა პურით, ღვინით, ზეთით (ანუ ქათმის ბულიონით, რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობის თხილის ზეთს), საკმევლით და ყველაფრით რაც კი შესაძლებელი იყო, ამის შემდეგ შესთხოვდა მიწას მიეცა ნამშობიარევის ქალისათვის ჯანმრთელობა და ბედნიერება.
მთელი ამ რიტუალის დროს ბებიაქალს თავზე ადგას ყველა იქ მყოფი ნამშობიარევ ქალთან ერთად, ხელში უკავიათ ანთებული ცვლის სანთლები და ლოცულობენ. ლოცვის დამთავრების შემდეგ ბებიაქალი ანთებულ სანთელს სამჯერ შემოატარებდა ნამშობიარევ ქალს და ახლშობილს და ლოცულობდა მათი ჯანმრთელობისათვის, ამასვე იმეორებდა ყველა დამსწრე, რის შემგაც სხდებოდნენ სუფრასთან.
როგორც წესი გურიაში ნამშობიარევი ქალი უნდა წოლილიყო იმავე ადგილზე სადაც იმშობიარა რვა დღის განმავლობაში, ხოლო მერვე დღეს უნდა აეღოთ ლოგინი და ოჯახს პატივი უნდა ეცათ მიწისათვის, რომელმაც დიდი სამსახური გაუწიათ.
მომზადებულია ტ. მამალაძის მიხდვით
ფოტოზე გურული ბავშვი 1909 წელი
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა