“როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, სააკაშვილი არ იყო ასეთი ნაზი არსება”

წამოვიდა ახალი თემა, რომ სააკაშვილს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია აქვს – როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, არ იყო ასეთი ნაზი არსება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უმრავლესობის წევრის თქმით, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დრო გამონახა, რომ წასულიყო გერმანიაში. „წამოვიდა ახალი თემა, რომ აქვს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია. რადგან პოსტტრავმული სინდრომი აქვს, ე.ი. ეს არის წამების კვალი და წამება არის თურმე ის, რომ პატიმრები ყვიროდნენ და ხმაური იყო. თუმცა, როდესაც სახალხო დამცველი გამოვიდა, თქვა, რომ იქ ეს ხმაური არ შედის, რადგან ტელევიზორი აქვს ჩართული. მართლა ვამბობ, თუ ადამიანს აქვს პოსტტრავმული სინდრომი, დეპრესია დაეწყო იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც დაიყვირა და მას ეს ხმა მიუვიდა, რა ვიცი, როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, არ იყო ეს ასეთი ნაზი არსება. როდესაც დავკარგეთ გორი, კასპი იყო ოკუპირებული, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, როდესაც ბომბავდნენ ჩვენს ქალაქებს, როდესაც ჩვენი მიცვალებულები ეყარა უპატრონოდ, საპატრიარქო რომ არ ჩარეულიყო, მათ გადმოსვენება საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა. როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ტყვედ ჰყავდათ რუსეთში, ერთადერთი ადამიანი, ვინც მათ გამოხსნას ცდილობდა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი ჰამარბერგი იყო და ამ დარბაზში გამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი წევრები, ბატონი მინაშვილი და სხვები, თქვეს, რომ ბატონი ჰამარბერგი არის რუსეთის აგენტი. მაშინ რატომღაც არ დაემართა არც დეპრესია, არც პოსტტრავმული სინდრომი, არაფერი ტრავმა არ განუცდია, პირიქით, მშვენივრად გამონახა დრო და საშუალება იმისთვის, რომ წაგებული ომიდან რამდენიმე დღეში საკუთარი თვითმფრინავი გაეშვა გერმანიაში და ბადენბადენიდან ჩამოეყვანა მასაჟისტი, რომელიც კბენით თერაპიას ჩაუტარებდა. აქ გამოდიან მისი თანაგუნდელები და ამბობენ, რომ აქ ვერ ვუმკურნალებთ და ბადენბადენში გავუშვათ, სხვანაირად მისი შველა არ იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინტერპრესნიუსი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share