უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ. სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააკაშვილის გადაყვანა შესაბამისი წესებით არ განხორციელებულა, არ ყოფილან გაფრთხილებულნი მისი ადვოკატები და სააკაშვილი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს.
“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ და არ დაუშვან ქმედებები, რომელიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროში ამბობენ, რომ ხვალ უკრაინის კონსული სააკაშვილს კლინიკაში მოინახულებს.
“ქართულმა მხარემ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმები მისი გამოკვლევის მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა”, – ვკითხულობთ წერილში.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.