თათია ნიკოლაშვილი – რატომ ცდილობენ ბიუჯეტის კლება მოგვაჩვენონ მატებად

ოზურგეთის მერმა დიდი თავმოწონებით წარმოგვიდგინა ბიუჯეტი, სადაც მოქალაქეთა მთელ რიგ საჭიროებებზე მინიმალური თანხებია გამოყოფილი, სამაგიეროდ გაზრდილია ხელფასები ბიუროკრატთათვის. ცალკე საკითხია,რომ ეს ადამიანი ოზურგეთის მერი ერთადერთი დამსხურებით არის – ის არის ბიძინა ივანიშვილის კარგი ყმის, არჩილ თალაკვაძის ძმა.

მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სესხით შეიძინა ნახევარ მილიონამდე შეფასებული სახლი თბილისში, სესხით, რომელსაც უკვე გაზრდილი მერის ხელფასითაც ვერ გასწვდება რომ გადაიხადოს, მისი დოსიე პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ხალხის ფულის მოსაპარად არის მოსული ოზურგეთში.

მაშინ, როდესაც რიგითმა საკრებულოს წევრებმა 33 წელი უნდა იმუშაონ პატიოსნად, რომ ისეთი სახლის შეძენა შეძლონ, როგორიც მას აქვს, თან ისე რომ სხვა არაფერში დახარჯონ ფული…

თავმოწონებით გვეუბნებიან, რომ ორ ნახევარი მილიონით გაზარდეს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, მაგრამ 2021 წლის ბიუჯეტს თუ ჩავხედავთ შავი-თეთრზე წერია,რომ წინა წლის ბიუჯეტი 36 მლნ ლარია, 2022 წლის კი 27 მლნ ლარი, შესაბამისად 9 მილიონიანი კლება გვაქვს სახეზე, ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოიყოფა შემდგომ ტრანსფერები, ეს უბრალოდ ჰაერში ნათქვამი სიტყვებია, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტს თავისი გაჭირვებია, როცა ქვეყანაში 12%-იანი ინფლაცია გვაქვს ოფიციალურად.

ცნობისთვის, 2012 წელს ოზურგეთის ბიუჯეტი 10 მლნ დოლარი იყო ანუ 17 მლნ. ლარი მაშინდელი კურსით, 2013 წელს 16 მლნ დოლარი ანუ 27 მლნ. ლარი, ახლა ამტკიცებენ 9 მლნ დოლარს…

როგორ მოახერხეს, რომ 9 წელიწადში ნაოცნებარ ქვეყანაში 7 მლნ. დოლარით ნაკლები ბიუჯეტი გვაქვს?! იმ ფონზე, როცა 9 მლნ-ით ნაკლები ბიუჯეტია, მოახერხეს და სახელფასო ფონდი ნახევარი მილიონი ლარით იზრდება.

ბიუროკრატიაში 6 მილიონს ვიხდით და ამ დროს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მხოლოდ 1 მლნ 860 ათასი ლარია გამოყოფილი.

ოზურგეთში 3000 მდე სოციალურად დაუცველია, 15 00 მდე პენსიონერი – ეს თანხა რომ ამ ადამიანებზე გადანაწილდეს, წლიდან წლამდე გვეუბნებიან, რომ 100 ლარი უნდა იმყოფინოს ამ ხალხმა, ანუ თვეში 10 ლარი – მაშინ, როცა მათი ხელფასები 4000 და 5000 ლარებია.

კულტურა და სპორტი კარგია, მაგრამ ისეთ გაჭირვებულ რაიონში, როგორიც ოზურგეთია უბრალოდ სირცხვილია 5 მლნ. ლარი კულტურის და სპორტის მიმართულებით იყოს გამოყოფილი და სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 1 მლნ 186 ათასი.

90 000 ლარი უნდა გადავიხადოთ თურმე 100 ძროხის გზიდან გადარეკვაში და 800 ძაღლის აცრასა და შემდეგ ისევ ქუჩაში დაბრუნებაში. არავის წარმოუდგენია და ვერც ვერავისგან მივიღე პასუხი ვინ აწარმოა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 100 კანონდამრღვევი ძროხა გვყავს ოზურგეთში და ზუსტად 800 მიუსაფარი ძაღლი. ლამის სოციალურის ოდენობის თანხაა გამოყოფილი სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის, სპორტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ როცა ვხედავ, რომ 1 მლნ 350 ათასი ლარია გამოყოფილი ამ მიმართულებით, მაინტერესებს 50 მწვრთნელი ,რომელსაც 1400 ბავშვის ჯანმრთელობა აბარია, არის თუ არა მათი ოფიციალური სერთიფიკატები შემოწმებული, რომ ნამდვილად არიან პასუხისმგებლები ისინი 1400 ბავშვის სწორ აღზრდაზე, ხდება თუ არა ამ ბავშვების ჯანმრთელობის კონტროლი, ვინაიდან 1 წუთი ზედმეტი ან არასწორი ვარჯიშიც კი შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლების შექმნის მიზეზი გახდეს – ამ თემაზეც ვერ მივიღე პასუხი და ვაპირებ აუცილებლად გავრკვიო ეს ზემოთ აღნიშნული თემა.

ბიუჯეტში ვკითხილობთ, რომ 8000 ლარი უნდა გადავიხადოთ საიმიჯო რგოლში, 20 000 კონცერტზე რომ ვიღაც იცეკვებს…70 000 ლარს ჯამში ამ ღონისძიებებში… მსგავსი მიმართულებით თანხები უკონტროლოდ არის გადანაწილებული.

ერთ – ერთ ქვეპროგრამაში კი არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ წერია ” ქართული ოცნების ” ინიციატივით… საბჭოთა კავშირში ვართ…ბიუჯეტს კონკრეტული პარტია უნდა განსაზღვრავდეს თურმე…

ასევე ვერ მივიღე ვერანაირი პასუხი გარდა ჰაერში ნათქვამი დაპირებისა, იმაზე,რომ რეალობაში, როცა პანდემიაა მეორე წელია, სკოლების დიდი ნაწილი ონლაინ სწავლებაზე იყო და არის როგორ უნდა შეძლონ მოსწავლეებმა განათლების მიღება, როცა ინტერნეტიზაცია 33% – ია მხოლოდ…რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ცუდი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ..

თათია ნიკოლაშვილი; ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share