მე მსჯავრს ვდებ ქრისტიანობას, ქრისტიანულ ეკლესიას ყველაზე საშინელ ბრალს ვუყენებ, რომელიც კი ოდესმე წარმოუთქვამს ბრალმდებლის ბაგეს.
ჩემთვის ის არის უდიდესი გახრწნილება, რომლის მოაზრება საერთოდ შესაძლებელია.
მას გააჩნდა ნება უკიდურესი გახრწნილებისთვის. თავისი სიბილწით ქრისტიანულმა ეკლესიამ არაფერი დატოვა ხელუხლებლად, მან გააუფასურა ყველა ღირებულება, მან ყველა ჭეშმარიტებიდან სიცრუე შექმნა, პატიოსნებიდან – სულიერი სიმდაბლე. ბედავენ და მის „ჰუმანურ“ ლოცვა-კურთხევაზე მესაუბრებიან! რაიმე უბედურების თავიდან აცილება ღრმა უთანხმოებაში იყო მის უშინაგანეს ინტერესებთან: ის ცხოვრობდა უბედურებებით, ის ქმნიდა უბედურებებს, რათა საკუთარი თავი უკვდავეყო… მაგალითად, ცოდვის ჭია: ეკლესიამ პირველად ამ უბედურებით გაამდიდრა კაცობრიობა! – „სულთა თანასწორობა ღმერთის წინაშე“, ესაა სიცრუე, მიზეზი ყველა მდაბალის ბოღმისთვის, ესაა აზრის ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც საბოლოოდ რევოლუციად, თანამედროვე იდეად და საზოგადოებრივი წესრიგის დაკნინების პრინციპად იქცა. ასეთია ქრისტიანული დინამიტი… ქრისტიანობის „ჰუმანური“ ლოცვა-კურთხევა! Humanitas-იდან დაპირისპირების, თვითშებღალვის ხელოვნების, ნებისმიერ ფასად სიცრუისადმი ნების, ყველა რიგიანი და წესიერი ინსტინქტისადმი ზიზღისა და სიძულვილის გამოწვრთნა! აი, რა არის, ჩემი აზრით, ქრისტიანობის ლოცვა-კურთხევა! – პარაზიტულობა, როგორც ეკლესიის ერთადერთი პრაქტიკა, რომელიც მთელ სისხლს, მთელ სიყვარულს, სიცოცხლის მთელ იმედს ამოწოვს ფერმკრთალი უძლურებისა და „სიწმინდის“ იდეალით; საიქიო, როგორც ნება ყოველგვარი რეალობის უარყოფისთვის; ჯვარი, როგორც სიმბოლო ყველაზე უფრო მიწისქვეშა შეთქმულებისა, რომელიც კი ოდესმე არსებულა და რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის, მშვენიერების, იღბლიანობის, გამბედაობის, სულის, სულიერი სიკეთის, თავად ცხოვრების წინააღმდეგ…
მსურს, რომ მარადიული ბრალდება ქრისტიანობის წინააღმდეგ დავწერო ყველა კედელზე, სადაც კი ისინი არსებობს. მე მაქვს ასოები, რათა უსინათლონიც თვალხილულებად ვაქციო… ქრისტიანობას ვუწოდებ ერთ დიად წყევლას, ერთ დიად შინაგან ხრწნას, შურისგების ერთ დიად ინსტინქტს, რომლისთვისაც არანაირი საშუალება არ არის საკმარისად შხამიანი, მზაკვრული, მდაბალი, საკმარისად ცოტა, – მე მას ვუწოდებ კაცობრიობის ერთ უკვდავ და სამარცხვინო ლაქას…
ხოლო დროს ითვლიან იმ საბედისწერო დღიდან, როდესაც ეს უბედურება დაიწყო, ქრისტიანობის პირველი დღიდან! – და რატომ არა უკანასკნელიდან? – დღევანდელიდან? – ყველა ღირებულების გადაფასება!
© ფრიდრიხ ნიცშე / ანტიქრისტე