გურიის ნავთობთან დაკავშირებით რუსები პირველად 1827 წელს დაინტერესდნენ, ამ დროიდან მოყოლებული არაერთი სამუშაო ჩაატარეს გურიაში, რის შედეგადაც თვლიდნენ, რომ გურიაში ნავთობის ძალიან დიდი მარაგი იყო.
გურიის ნავთობზე ძალიან ვრცელი მსჯელობა რუსეთის სამეცნიერო წრეებში 1870-იანი წლებიდან დაიწყო და ამასთან დაკავშირებით არაერთი სამთო ინჟინერის და მეცნიერის ნაშრომი არსებობს, სადაინაც ნათლად ჩანს, რომ რუსები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული გურიის ნავთობით და მას ბაქოს ნავთობის საპირწონედ და უფრო მეტი სარგებლის მომტანადაც მიიჩნევდნენ.
საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა 1880-1881 წლებში, როდესაც ბაქოს ნავთობის ევროპაში გატანის მიზნით ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა იწყებოდა. მათ შორის არის 1881 წელს რუსულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა მენდელეევის სტატია – “სად ავაშენოთ ნავთობის ქარხნები?”, რომელშიც ის აკრიტიკებს ბაქოდან ბათუმში ნავთობის ტრანსპორტირებას და უთითებს, რომ ბათუმსა და ფოთს შორის არის ნავთობის დიდი საბადოები, რომლის ტრანსპორტირება ევროპაში გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა.
მენდელეევი წერდა – “რა ვუყოთ ბაქოს ნავთობს? . . . ფოთსა და ბათუმს შორის ზღვასთან ახლოს, არის ადგილები ნავთობის აშკარად გამოხატული ნიშნებით, სადაც დაიწყეს ბურღვითი სამშაოები, მაგრამ გაუტყდათ საბურღი და მიტოვეს საქმე, რომელიც იმსახურებს უფრო კარგ და ენერგიულ გამოკვლევას.”
ასევე – “აქედან გამომდინარე მეწარმე, რომელიც საქმეს დაიწყებს ბათუმსა და ფოთს შორის სადაც ნავთობი არის უფრო ფუთზე ბაქოელ მეწარმეზე 20 კაპიკით მეტ სარგებელს ნახავს. ასეთი ფასით ნავთობი გავა მარსელში ან ხმელთაშუაზღვისპირეთში, მაგრამ არა ბაქოდან არამედ პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროდან, სადაც ნავთობი იყო, არის და იქნება”.
გურიის ნავთობის კვლევა მიმდინარეობდა შემდეგშიც და ეს საკითხი ასევე გააქტიურდა 1910-1913 წლებში, შემდეგში კი ოციან და ოცდაათიან წლებში.
მე-19 საუკუნეში გურიაში ყველაზე დიდი პერსპექტივის საბადოდ მიიჩნეოდა ნატანებში – ნარუჯა-იაკობის და საღმრთოს საბადოები, რომლებიც მდებარეობდა გრიგორი ბაქანიძის ფერმის მიმდებარედ. ასევე პერსპექტიულად ითვლებოდა ნავთობის მოპოვება შემდეგ ადგილებში – ომფარეთი, ღრმაღელე, გულიანი, საკუპრე, მიქელ გაბრიელი, ბაილეთი და გურიანთა.
–
1. ფოტო – იაკობისა და საღმრთოს საბადო;
2. ფოტო – ომფარეთის საბადო
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.