ასეთი მიყურადება და თვალთვალი პოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მახსოვს,- ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტიკოსი, ზვიად ძიძიგური “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
როგორც ძიძიგური აღნიშნავს, თანდათან ვუახლოვდებით ისევ ვერტიკალურ ვითარებას, როდესაც ისევ ერთი პარტია უნდა იყოს მმართველობაში.
“ფაქტია, რომ ასეთი ჩანაწერები თავისით არ ჩნდება საჯარო სივრცეში. ამაში ხელისუფლების ხელი ურევია. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები სერიოზული ზედამხედველობის ქვეშ არიან. ფაქტიურად ჩვენი უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ჟანდარმერიის ფუნქციას ითავსებს. ესეთი პოლიტიკური უშიშროება გვყავს და ეს არის ყველაზე მეტად დამაფიქრებელი. უნდა გითხრათ, რომ ასეთი მიყურადება, თვალთვალი, ამ პარტიების მიმართ შავი პიარის აგორების მცდელობა პოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მახსოვს საქართველოში. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ისევ ვერტიკალურ ვითარებას, როდესაც ისევ ერთი პარტია უნდა იყოს მმართველობაში. დღეს არ არის საბჭოთა კავშირი, აქ არ არის რკინის ფარდა ჩამოფარებული და შეუძლებელია, რომ ასეთმა პოლიტიკურმა გემოვნებამ, როგორიც აქვს მმართველ პარტიას დიდხანს გასტანოს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც ყველაზე მეტი მანდატი აიღო არჩევნებზე, შეცდომების მთელი კასკადი გაიარა, როდესაც ჯერ უარი თქვა შესვლაზე, მერე შევიდა. ჯერ უარი თქვა მიშელის დოკუმენტეზე ხელისმოწერაზე და შემდეგ მოაწერა. აღსანიშნავია ისაც, რომ პარტიაში სააკაშვილის თავდადებული მომხრეებიც არიან და ცოტა მეტად დემოკრატიულად მოაზროვნეებიც”, – აცხადებს ძიძიგური.
ცნობისთვის, “ტვ იმედის” ეთერში გავიდა ნიკა მელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.