კობახიძე ოპოზიციაზე: როცა არ უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერანაირ პრობლემას ვეღარ შექმნიან

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “არაფერი არ მოხდება” თუკი ოპოზიციან ისევ დატოვებს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღების შემთხვევაში. კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია კრიზისს ვეღარ შექმნის.

ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: რა მოხდება თუკი ოპოზიცია ისევ დატოვებს პარლამენტს, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე დაემუქრება? 

“არაფერი არ მოხდება. თვითონვე ხვდებიან, რომ წელს, გაისად, როცა არ უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან. შარშან მოახერხეს, კი, ხელოვნური იყო, მაგრამ კრიზისი. წელს, გაისად, რაც არ უნდა დატოვონ მათ პარლამენტი, ამით ვერაფერს შეცვლიან. ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, ჩამოშლიან საკუთარ თავს”.

კობახიძე აცხადებს, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, თავისი 5%-იანი ბარიერით, რაც მისივე თქმით, “სრულად ლეგიტიმურია”.

“მოკლევადიან პერსპექტივაში თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას მოგვცემს, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ. დღეს ამაზე საუბარი რთულია. […]

მოკლევადიან პერსპექტივაში, 2024-ში 5% იქნება უკეთესი, თუ 2%, ამას გვიჩვენებს ოპოზიციის მოქმედებები. თუ დავინახავთ, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის შემცირება, ამ შემთხვევაში ჩვენი მოტივაცია, შევამციროთ აბრიერიუ, არსებითად გაიზრდება”, – თქვა მან.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული”.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share