„ერთი თვე გემზე ვყავდით დაბმულები, გვცემდნენ უმოწყალოდ, წუმპეს ვსვამდით“ – როგორ გასტაცა გემი მეკობრეებს ქართველმა კაპიტანმა

ვინ არის გემის კაპიტანი ირაკლი სარჯველაძე, რომელმაც ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელებს სამი სტადიონისხელა გემიდან მიულოცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა

 

42 წლის წარმოშობით ლანჩხუთელი ირაკლი სარჯველაძე, 25 წელია მეზღვაურია.11 წელი კი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ყავს მეუღლე და ოთხი შვილი. უამრავი ქარიშხლისა და თავგადასავლების მიუხედავად ის თვლის, რომ ეს არჩეული პროფესია, დიდ სიყვარულს მოითხოვს, მისი აზრით ზღვა არავის პატიობს შეცდომებს და მუდად სიფხიზლეა საჭირო. დაჯილდოვებულია მედლით მამაცობისთვის, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში 200 ადამიანი გადაარჩინა. ცოტახნის წინ კაპიტანმა, ატლანტის ოკიანიდან, (გვინეის ყურე, ტოგოს სახელმწიფო, ქალაქ ლომედან,) ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელებს „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლა სამი სტადიონისხელა გემიდან მიულოცა.

რატომ გადაწყვიტეთ მეზღვაურობა?

 

საოჯახო ტრადიციაა, მამაჩემი 50 წელი ემსახურა ამ სფეროს. 17 წელი გემზე შემისრულდა.11 წელია შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვარ. 25 წელი კი, ზღვაოსნობაში.პირველი გემი სადაც ვიყავი „ფიროსმანაშვილი“ იყო. ქიმმზიდი ტანკერი, ქიმია, ბენზინი, ნავთი დიზელი, ანუ ჩამოსასხმელი ტვირთი, ქიმიური ნარჩენები ატომური წყალქვეშა გემებისთვის.

 

ყველაზე დასამახსოვრებელ და თავგადასავლებით სავსე გასვლას თუ გაიხსენებთ?

 

ყველა დასამახსოვრებელი რეისია როცა ზღვაში ხარ, ყველას თავისი ხიბლი სილამაზე და განცდები აქვს თავისი შტორმებით და ხმელეთზე ჩასვლის ჟინით სავსე.

 

ყველაზე რთული და საშიში რეისი?

 

2008 და2012 წლის რეისებს გამოვყოფ. პირველ შემთხვევაში როდესაც ტყვედ აგვიყვანეს კომპანიამ გადაიხადა გამოსასყიდი მილიონნახევარი დოლარი.2012 წელს კი, ნიგერიის ტერიტორიულ წყლებში აგვიყვანეს, ბერძნულმა კომპანიამ კი ვისაც ეკუთნოდა გემი, უარყო მფლობელობა.ავტომატურად აღმოვჩნდით ჰაერში, არც კომპანია, არც მფლობელი.ეკიპაჟში 17 წევრი ვიყავით, აქედან 14 ქართველი, ორი რუმინელი, ერთი უკრაინელი.სამი მილიონი მოითხოვეს გამოსასყიდი და ბოლოს ერთ მილიონზე ჩამოვიდნენ. ერთი თვე გემზე ვყავდით დაბმულები, ერთმანეთზე გადაბმულები 30-30 სანტიმეტრში, საპირფარეშოში ყველა ერთად გავყავდით, თევზს და ბანანს გვაჭმევდნენ მარტო, გვცემდნენ უმოწყალოდ.ყბის სახსრები დამტვრეული მქონდა შვიდი კბილი ჩამიმტვრიეს. საშინელება იყო. ხმელეთზე რომ გადმოგვიყვანეს, ხან ხეზე გვეძინა, ხან ორმოში, იმის შიშით რომ არაფერს ეკბინა. არც დაბანა, არც გამოცვლა,წყალზე აღარაფერს ვამბობ, წუმპეს ვსვამდით. თუ რამე გვქონდა , ჩვენი პირადი ნივთებიდან დაწყებული, ყველაფერი წაგვართვეს.

 

როგორ დააღწიეთ ტყვეობას თავი და საქართველოს ხელისუფლება თუ იყო საქმის კურსში?

 

მაშინ არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო, „ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. ისე იყვნენ პოლიტიკური თამაშებით გართული წინა და ახალი ხელისუფლება, სამწუხაროდ ჩვენ ყურადღება არავინ მოგვაქცია. რა თქმა უნდა ხელისუფლებამ იცოდა, რომ ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში ვიყავით.ბოლოს იქამდე მივედით, ჩვენვე გავიტაცეთ გემი და საკუთარი ძალებით შევძელით იქიდან თავის დაღწევა. ახლა ბერძნული კომპანიის გემზე ვმსახურობ, მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ. სამი ლანჩხუთელი ვართ ეკიპაჟში. მიუხედავად რთული და ფათერაკებით სავსე ცხოვრებისა, ზღვა გვიყვარს, ეს ჩვენი სახლია და ასე იქნება მუდამ.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share