გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 16 097 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 19%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსს 74 494 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4 %-ით მეტია.
სტატისტიკის თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 60% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 7-13 თებერვლის პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 1 323 391 ახალი შემთხვევა რუსეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია, 1 322 071 შემთხვევით, 1 237 530 შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ში, მათ მოჰყვებიან ბრაზილია და საფრანგეთი.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 17 225, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 6 686 გარდაცვლილით, მესამეზე კი ბრაზილია, სადაც გარდაცვალების 6 658 შემთხვევა დაფიქსირდა.