მკაცრი და მკაფიო გზავნილები თეთრი სახლიდან – აშშ რუსეთს აფრთხილებს

ამერიკა მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის – მკაცრი და მკაფიო გზავნილი რუსეთის მისამართით თეთრი სახლიდან აშშ-ს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რადგან ეს სიკვდილსა და ნგრევას გამოიწვევს, რომელიც არავის სჭირდება, თავად პუტინს კი საერთაშორისო რისხვას დაატეხეს თავს.

უკრაინის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს ამერიკული ძალების სრული პოტენციალით.

„თავდასხმა ნატოს ერთ ქვეყანაზე არის თავდასხმა ყველა ჩვენგანზე” – განაცხადა ბაიდენმა.

პარალელურად, ამერიკის სენატში რესპუბლიკელებმა რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების პაკეტის მომზადება დაიწყეს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ევროპის ტერიტორიის არასოდეს დათმობის აქტი“, ითვალისწინებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაუყოვნებლივ შეჩერებას და დიდი რუსული ბანკებისთვის მძიმე სანქციების დაწესებას, თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება.

უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარება საუბრის მთავარი თემა იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრის დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა. გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და გაერთიანებული საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრუსმა სატელეფონო საუბრისას ის სანქციები განიხილეს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უნდა დაუწესდეს.

სანამ დასავლეთი პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კიბერთავდასხმას ახორციელებს. ოფიციალურმა კიევმა გუშინ განაცხადა, რომ ჰაკერებმა მიზანში თავდაცვის სამინისტრო და ორი მსხვილი ბანკი ამოიღეს. უკრაინის მთავრობას რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა ოფიციალური განცხადებაში ირიბად სწორედ მოსკოვისკენ მიუთითა. კიბერთავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც კიევში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

უკრაინის საზღვრებთან კი სიტუაცია კვლავ დაძაბულია და რუსული აგრესიის ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია. სამხედრო ექსპერტი და ჟურნალისტი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ოკუპირებული დონბასიდან პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ წუთებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. მისივე თქმით, უკრაინა ნებისმიერი მიმართულებით შესაძლო შეტევისთვის ემზადება, რადგან კოსმოსური დაზვერვის მონაცემები საზღვრიდან რუსული ჯარების რეალურ უკან დახევას არ აჩვენებს. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთიდან შერეული სიგნალები მოდის და დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა იზრდება, თუმცა დაზვერვის ბოლო ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტივობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

mtavari.tv

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share