ერთი სამკაულის ისტორია: “საფირონის ქრიზანთემა”, რომელსაც ელიზაბეტ II ყველაზე ბედნიერ და მნიშვნელოვან დღეებში იკეთებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მშვენიერი ტრადიციაა, რომ მნიშვნელოვან მოვლენებს ძვირფასი საჩუქრებით, ხშირად კი სამკაულების ჩუქებით აღნიშნავენ. ამ მხრივ გამორჩეულია ელიზაბეტ მეორე და მის მიერ დანერგილ ტრადიციას მისი შთამომავლებიც აგრძელებენ. პრინცი უილიამი კეიტს დღესასწაულებზე ყოველთვის ანებივრებს ძვირფასი ყელსაბამებით, ბეჭდებითა თუ სხვა სამკაულებით. მან პრინც ჯორჯის დაბადების შემდეგ მეუღლეს კარტიეს საათი აჩუქა, მოგვიანებით, ქორწინების 9 წლის თავზე კი, პატრიკ მავროსის კვარცისა და ბრილიანტის საყურე.

თუმცა მშვენიერი ტრადიცია გაჩნდა, რა თქმა უნდა, პრინც უილიამამდე დიდი ხნით ადრე: სამეფო  კოლექცია საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. არსებობს ნივთები, რომლებიც კონკრეტულად ერთ ადამიანს ეკუთვნის და არსებობს ნივთები, რომლებიც სამეფო ოჯახის საკუთრებაა. პერსონალურად ელიზაბეტ მეორეს ეკუთვნის საფირონის ქრიზანთემა, გულსაბნევი, რომელსაც დედოფალი ყველა მნიშვნელოვან დღეს ირგებს.

საფირონებისა და ბრილიანტებისგან დამზადებული ძვირფასი ყვავილი გახდა 20 წლის ელიზაბეთის ერთ-ერთი პირველი „პირადი“ სამკაული. საჩუქრის მიზეზი იყო ნავთობის ტანკერის გაშვება შესაბამისი სახელწოდებით „ბრიტანეთის პრინცესა“.

მოგვიანებით სამკაული გახდა მისი იმიჯის სავალდებულო და მნიშვნელოვანი ნაწილი. საფირონის ქრიზანთემას დედოფალი თაფლობის თვის დროს, შვილის ნათლობის ცერემონიაზე და სხვა მნიშვნელოვან დღეებში ატარებდა.

გასულ წელს ელიზაბეტი საფირონის ქრიზანთემით ორჯერ გამოჩნდა, თანამეგობრობის ქვეყნებისთვის ვიდეოშეტყობინების დროს და ტრადიციული საშობაო გზავნილის დროს. საინტერესოა, რომ, როგორც წესი, გულსაბნევს ის ლურჯი ფერის სამოსს უხამებდა, თუმცა 2021 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გამონაკლისი დაუშვა, როდესაც შობასთან ასოცირებული ალისფერი კაბა ეცვა.

 

 

 

marao.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share