მკვდარი იმპერიების გამცოცხლებელი

ვლადიმირ პუტინმა, ვიდრე ხელს მოაწერდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, ძალიან დიდხანს ილაპარაკა ისტორიაზე, უფრო ზუსტად, ილაპარაკა ისტორიაში რუსეთის იმპერიის როლზე, მისი სამართლიანობის, სამშვიდობო მისიისა და მიზიდულობის კეთილისმყოფელი ძალის შესახებ, ხოლო უკრაინა წარმოაჩინა როგორც ისტორიულად არარსებული, ბოლშევიკების და ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო წარმონაქმნი;

ილაპარაკა საბჭოთა კავშირის შექმნისას დაშვებულ ხარვეზებზე, სტალინის სიქველესა და უკრანისთვის დაუმსახურებლად ნაჩუქარ მიწებზე.

ბევრი ილაპარაკა და ბევრისთვის მოულოდნელად, ნეგატიურ კონტექსტში ახსენა დღემდე წითელ მოედანზე, მავზოლეუმში დასვენებეული ვლადიმირ ლენინი, რომელმაც, მისი თქმით, 1922 წელს, როცა საბჭოთა კავშირი იქმნებოდა, არ დაუჯერა სტალინს და, ატონომიზაციის პრინციპის ნაცვლად, მხარი დაუჭირა ერთა თვითგამორკვევისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებას, რამაც, საბოლოო ჯამში, დაშალა საბჭოთა კავშირი და რუსეთმა თავისი ხალხის სისხლით შემოკრებილი მიწები დაკარგა.

კიდევ რა ისტორია მოუყვა პუტინმა მსოფლიოს:

  • თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა
  • უკრაინა ლენინის პირმშოა
  • სტალინი ლენინზე უკეთესია
  • უკრაინას აჩუქეს ყირიმი და სხვა მიწები
  • „დეკომუნიზაცია და დეკოლონიზაცია” რუსულად

ვლადიმირ პუტინის ისტორიული წიაღსვლები მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის თანამედროვე ისტორიით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო წლების საჯარო გამოსვლები, როგორც წესი, გაჯერებულია ისტორიულ მოვლენებსა და ისტორიულ პერსონაჟებზე მისი სუბიექტური და, რბილად რომ ვთქვათ, ფსევდომეცნიერული მსჯელობებით.

რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის, დავით დარჩიაშვილის თქმით, ვლადიმირ პუტინი ენერგიულად ცდილობს რეალობის წარსულის პრიზმაში მოქცევას, საკუთარი დისკურსის ფორმირებასა და ტირაჟირებას.

„21 თებერვლის გამოსვლაში 1,5 წლის წინ უკრაინაზე დაწერილი წერილის ძირითადი თეზისები გაიმეორა. ეს არის სპეციფიკური ისტორიულ-ფილოსოფიური ხედვა, რომელშიც ყველაფერი შავ-თეთრად არის წარმოდგენილი და, რომელშიც რუსეთი, რა თქმა უნდა, „თეთრი“ და მართალია, უკრაინა კი „შავი“ და ხელოვნურია. აქვს თავისი წარმოდგენები რუსეთის ცარისტულ იმპერიაზე, ბოლშევიკურ რევოლუციასა და სამომავლო გეგმებზე. არსებითად უნდა, რომ გააგრძელოს ეს იმპერიული ხაზი“, – ამბობს დავით დარჩიაშვილი, რომელიც პუტინის „ისტორიით გატაცებაზე“ საუბრისას მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ წყაროების ცოდნასაც, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ეყრდნობა. როგორც რუსმა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ შენიშნა, „პუტინი გატაცებულია რუსეთის ისტორიით, ოღონდ ეტყობა, უცნაურ წიგნებს, რაღაც პოპულარულ ლიტერატურას ირჩევს“.

ისტორიკოს ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ვლადიმირ პუტინის 21 თებერვლის „ისტორიის გაკვეთილი“ სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაცია, ე.წ. ფეიკ-ისტორია, რომლითაც ცდილობს გაამართლოს ე.წ. მიწების შემოკრების პოლიტიკა.

ვლადიმირ პუტინი: „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა, უფრო სწორად, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ეს გააკეთეს ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა რუსეთის მიმართ ძალიან უხეში გზით – მისთვის ისტორიული ტერიტორიების ნაწილის ჩამორთმევით“.

ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის თქმით, ვლადიმირ პუტინის გამოსვლაში არ ყოფილა არანაირი ისტორიული წიაღსვლა.

„ეს იყო ისტორიიდან გამიზნულად ამოჭრილი ის ფრაგმენტები, რომლებიც მას აწყობს და, რომლებზეც აპელირებითაც თავისი ქმედებების გამართლებას ცდილობს სქემით: რაც ოდესღაც ჩვენი იყო, ისევ ჩვენი უნდა გახდეს. ეს არის იმპერიული კომპლექსი, რომელიც, საწუხაროდ, რუსეთმა ვერ დაძლია და, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მისი მეზობლებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა თვითონ რუსეთისთვის, რომელიც უბრალოდ ვეღარ ვითარდება ამ კომპლექსის გამო“, – ამბობს მიხეილ ბახტაძე, რომელიც გაოცებას ვერ მალავს პუტინის მიერ უკრაინის ისტორიის ამგვარი უხეში დამახინჯების გამო.

დავით დარჩიაშვილის თქმითაც, ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე საუბრისას ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რა პროცესები ვითარდებოდა უკრანაში XVII-XVIII საუკუნეებში:

„ეს არ აინტერესებს, ამას ტოვებს. არ აინტერესებს არც პოლონური და არც ადგილობრივი წყაროები. მას თავის ხედვა აქვს, იმპერიული, სხვა ყველაფერი ისტორიიდან ამოსაღები და გადასაგდებია. არ აქცევს ყურადღებას უკრაინელი ერის თანდათანობით გენეზისს. ყოველივე ამას კი მიიჩნევს ლენინის ხელოვნურ პროდუქტად, ხოლო ის, რომ ამის უკან სერიოზული სოციალურ-კულტურული პროცესი იყო და, რომ უკრაინელი ერი ხალხად ყალიბდებოდა, არ აინტერესებს“.

დავით დარჩიაშვილის თქმით , პუტინის რუსეთი ეს არის პოსტმოდერნისტული ნაზავი „ორთავიანი არწივისა“ და „ნამგალი და უროსი“.

„ოღონდ ეს „ნამგალი და ურო“ ძირითადად სტალინის ქმედებებთან არის ასოცირებული, მას მოსწონს სტალინი და მოსწონს რუსეთის იმპერია. შესაბამისად, ამ ორი რუსეთის გაერთიანება და იმპერიის აღდგენა (სადამდეც შეძლებს) უნდა“, – უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share