პოლიტიკა უკრაინა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო – განახლებადი

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მანამდე განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა:

“გარემოებები ჩვენგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა მან.

პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, თუმცა უკრაინელი ხალხის “თვითგამორკვევის” უფლებას უჭერს მხარს. “არავისთვის არაფრის ძალით მოხვევას არ ვაპირებთ”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარების შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში არა ომის დაწყება, არამედ “თავდაცვაა”.

“მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დაყაროთ იარაღი და წახვიდეთ სახლში. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეასრულებს ამ მოთხოვნას, შეძლებს დაბრკოლებების გარეშე დატოვოს საბრძოლო მოქმედებების ზონა და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, – განაცხადა პუტინმა.

სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა კი აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა:

“ახლა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვისაც შეიძლება გარედან მოვლენებში ჩარევის ცდუნება ჰქონდეთ: ვინც არ უნდა სცადოს ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. იმედი მაქვს, მომისმენენ”.

formulanews.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share