რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა და განსაკუთრებით ფასებს ,,დაარტყა“. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ფასების შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, ბაზრებზე შოკი და პანიკაა. განსაკუთრებით კი საწვავის ფასები მატულობს, ხოლო ეროვნული ვალუტები მკვეთრი გაუფასურების გზას ადგანან, განსაკუთრებით ლარი, რომელიც საქართველოში იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე გრივნა უკრაინაში.
საწვავის ფასი და კურსი, ორივე ფაქტორი ფასებზე მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს და უკვე დაიწყო საუბარი შემაკავებელ ღონისძიებებზე, რაც ქართველ მომხმარებელს მეტ-ნაკლებად დაიცავს. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი დიდ პრობლემას ხედავს არა მხოლოდ პრიდუქციის ღირებულების, არამედ სტრატეგიული მარაგების მხრივაც, რამაც შეიძლება სამომავლოდ გამოუვალი მდგომარეობა შექმნას, თუკი ზომებს დროულად არ მიიღებენ.
,,საომარი მდგომარეობაა და იგი ნეგატიურად იმოქმედებს როგორც საწავის ფასზე, ასევე ნებისმიერი საქონლის ღირებულებაზე. ჩვენი მდგომარეობა შეიძლება განსაკუთრებით გართულდეს, რადგან პროდუქციის დიდი ნაწილი შემოდის რუსეთიდან, ძირითადად, პირველადი მოხმარების საქონელი. აშკარაა, რომ მიწოდება შეფერხდება და ალტერნატივა რა გააჩნია სახელმწიფოს. სასწრაფოდ არის ალტერნატიული არხები მოსაძებნი, დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოიტანენ პროდუქციას.
თავისთავად საწვავის ფასის ზრდამ შეიძლება დომინოს ეფექტი იქონიოს და მსოფლიოში გაიზარდოს ყველა პროდუქტის ფასი. ეს არის გლობალურ დონეზე ფასწარმოქმნის პრობლემა, რაც რეალურად ყველას ემუქრება და მათ შორიც ჩვენც“, – განაცხადა ხომიზურაშვილმა.
სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთ გადასადგმელ ნაბიჯად ფინანსისტი საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ დროებით ყველა ტიპის გადასახადი უნდა შემცირდეს.
,,გადასახადის შემცირება ყოველთვის იყო აქტუალური და ახლა განსაკუთრებით საყურადრებოა. ადგილზე წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება მაღალია და კონკურენციას ვერ უძლებს. გარკვეული ზომების გატარება მოგვიწევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მხრივაც, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ისეთი გადასახადები, როგორც დღესაა, დიდხანს არ შეიძლება შენარჩუნდეს. საშემოსავლოს რომ თავი დავანებოთ, დღგ საკმაოდ მაღალია, ამიტომ შეღავათები აუცილებელია. ცხადია, მიმდინარე ომი მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. სახელმწიფოს ამოცანა იმაში მდგოამრეობს, რომ მაქსიმალურად შეძლოს სიტუაციის შემსუბუქება. ბერკეტები არსებობს, მაგრამ მთავარია, რამდენად ოპერატიულად ამოქმედდება“, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
ფასების მკვეთრ ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი ზურა კუკულაძეც. თუმცა ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით მისი პოზიცია განსხვავებულია.
იგი ფიქრობს, რომ გადასახადების შემცირებამ შეიძლება გრძელვადიან პერიოდში მეტი პრობლემა გამოიწვიოს და ეს ვერ იქნება გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში.
,,ტენდენცია ფასების ზრდისკენ იქნება მიმართული. ეს მოსალოდნელია მკვეთრად გამოხატული ორი ძირითადი ფაქტორიდან: ერთი წმინდა პანიკური სიტუაცია და მეორე, ეროვნული ვალუტების გაუფასურებაა თითქმის ყველა ქვეყანაში. აუცილებლად იქნება დიდი პანიკური რყევა მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ფასები აუცილებლად დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით. კურსის გაუფასურება იწვევს სამომხმარებლო პროდუქტების მიმწოდებლებში პანიკას და ისინი ხვალინდელი ნეგატიური მოლოდინის გათვალისწინებითაც, აუცილებლად გაზრდიან ღირებულებას.
რუსეთი და უკრაინა, რომელიც საომარ კონფლიქტში მონაწილეობენ, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, განსაკუთრებით საკვები პროდუქტების ბაზარზე. ამ მხრივ ყველაზე სენსიტიურია მარცვლეული, რომლის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან და უკრაინიდანაც. ამ პროდუქტების გაძვირება სერიოზულ პრობლემას შექმნის, ვინაიდან მოწოდება შემცირდება, შეიძლება დეფიციტიც შეიქმნას ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ თუ იქნება სანქციები, ისიც თავს დაიცავს, რომ საკუთარ ბაზარზე არ დაუშვას დეფიციტი და შეზღუდავს ექსპორტს. შესაბამისად, ჩვენ ამ შემთხვევაშიც შეგვქმნება პრობლემა“, – განაცხადა კუკულაძემ და დასძინა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მექანიზმს, რაც გაძვირების ტენდენციას შეაჩერებს.
,,უკვე გამოჩნდა, რომ ფასების შენარჩუნება რაიმე მექანიზმით შეუძლებელია. შექმნილ სიტუაციაში ვერც აქციზის განაკვეთის კლება იმუშავებს. პანიკური ფონია და ამიტომაც გაძვირდება ყველაფერი. აქციზი და სხვა ტიპის გადასახადები რომც შეამცირონ, ესეც არ იქნება გამოსავალი, როცა სპეკულაციური სიტუაციაა ბაზარზე და დალაგებული სისტემა ირევა. ასეთ დროს ფასწარმოქმნის ახალი გარემო იქმნება.
აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ, რომ ვალუტისა და პროდუქტების ბაზარიც გარკვეულ ეტაპზე იქნება სპეკულაციური. უნდა ვებრძოლოთ პანიკას, ამას სხვა არაფერი ეშველება. ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. დღეს ბაზარი არის აჟიოტაჟური, რასაც სხვა მეთოდით უნდა დავუპირისპირდეთ და არა გადასახადის შემცირებით ან გაზრდით“, – განაცხადა კუკულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში საომარი ქმედებები აიწყო. შესაბამისად, ამ გარემოებამ ფინანსურ ბაზრებზე დიდი პრობლემა შექმნა.
უკრაინაში შეჭრას გრივნასა და რუბლთან ერთად, ლარის მკვეთრი გაუფასურებაც მოჰყვა. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე 3.19-ს მიაღწია. რაც შეეხბეა კომერციულ ბანკებებს, იქ 1დოლარი ლარი 3.2200 ლარი ღირს.
პარალელურად მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა და 1 ბარელზე 104 დოლარი შეადგინა.
უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ბირჟებზე მკვეთრი მატებაა ოქროს ფასზეც, რომელმაც ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში 9-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. 1 უნცია ოქროს ფასი 1900 დოლარს გასცდა. მოსალოდნელია, რომ ყვითელი ლითონის ფასის მატება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება.
რეზონანსი