სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ დღეს უკრაინის საკითხზე მოწვეული რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, ეს იქნება კაპიტულაცია რუსეთის წინაშე:
“მე ვიცი, რომ დღეს კანცელარიასთან იგეგმება მოქალაქეების შეკრება 7 საათზე, როგორც გუშინ გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი ხალხის ღირსების დასაცავად, ჩემი თხოვნაა ყველა მოქალაქისადმი, ვინც დღეს აპირებს გამოსვლას, კანცელარიის შემდეგ მოხვიდეთ პარლამენტთან და გააგონოთ თქვენი ხმა სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ახლა, როცა კიევი იბრძვის იმისთვის, რომ არ დაეცეს და თუ შემდეგ 24 საათში არ დაეცა, არსებობს შანსი უკრაინის და ჩვენი თავისუფლების გადარჩენის და ახლა, ამ დღეს, როცა წყდება უკრაინის და ჩვენი ბედი, პარლამენტის სხდომათა დარბაზი ჩაკეტა ხელისუფლებამ.
მინდა ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიური მორიდების გარეშე ვთქვა, თუ სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი “ქართული ოცნების”, რომ ისინი არ აპირებენ იბრძოლონ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამიტომ თუ დღეს სხდომა არ ჩატარდება მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, კანცელარიიდან ძალიან ბევრი ადამიანი მოვა აქ და საკუთარ ხმას გააგონებს, რომ არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, არ ვაპირებთ ჩავბარდეთ რუსებს, რადგან ეს ხელისუფლება ამ დროს ელოდება, იმ ისტორიულ მომენტს, როცა საბოლოოდ გადააფორმებს ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის საკუთრებად, ამას პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა. ამიტომ თუ სხდომა არ ჩატარდა, იმედი მაქვს აქ პარლამენტთან შეიკრიბება კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე გუშინ იყო აქ მოსული. ჩვენი სამშობლო არის ჩვენი დასაცავი, ჩვენს გარდა ამ ქვეყანას დამცველი, ქომაგი აღარ ჰყავს, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით“, – განაცხადა სამადაშვილმა.