რუსეთი კიევის საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. პრეზიდენტი ზელენსკი მოსახლეობას განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევს. “თავდაცვის მიზნით, მოიმარაგეთ მოლოტოვის კოქტეილები და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ” – ასეთია ოფიციალური პირების მოწოდებები.
კიევის ქუჩებში რუსული ტანკები გადაადგილდებიან. კადრები, რომლებიც უკრაინის დედაქალიდან ვრცელდება, შოკის მომგვრელია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებიც ლუგანსკის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით შედიოდნენ. ამ წუთებში, ზუსტდება დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.
კიევში კი ისმის აფეთქებების ხმა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება – სახმელეთო შეტევის პარალელურად, გრძელდება ავიაიერიშები. სხვა დიდ ქალაქებთან ერთად თავდასხმის სამიზნეა ჟიტომირის რეგიონიც. განგაშის სიგნალის ხმა ისმის ჩერნობილში. რუსული დივერსანტების ჯგუფი კი, რომლებმაც უკრაინელი სამხედროების ფორმები ჩაიცვეს და მათი სამხედრო ტექნიკით შენიღბული გადაადგილდებოდნენ კიევის ქუჩებში, განეიტრალებული არიან.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქვეყანა მოხალისეების იმედად არის.
“გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას – ბანკები დაკეტილია, თუმცა ღია რჩება სახელმწიფო საბანკო ცენტრი. დახურულია ფილიალები იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს; შეუფერხებლად მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება; ყველა პორტი დახურულია, დაკეტილია ცა; უკრაინის ავიახაზები უმეტესწილად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს; არის საწვავის დეფიციტი – გეუბნებით იმას, რაც რეალურად ხდება. მოხალისეების იმედად ვართ! ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა. რუსეთის ფედერაციის ერთადერთი მიზანი უკრაინის პრეზიდენტისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურებაა,”-აცხადებს პოდოლიაკი.