დნმ, როგორც იარაღი – რატომ სურდა მოსკოვს დასავლელი ლიდერების გენეტიკური მონაცემები?

თუ ცოდნა ძალაა, მაშინ დნმ-ის ყოვლისმომცველი დეტალების ქონა შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი. დნმ, ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რატომ ითხოვდა კრემლი დაჟინებით დასავლელი ლიდერების რუსული „პი-სი-არ“ ტესტის ჩატარებას. კრემლში დღემდე ამ მოთხოვნას მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოებით ხსნიან და სხვა დეტალებს არ ახმაურებენ.

საუბარი დნმ-ზე მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად, მოსკოვში დასავლელი ლიდერები ჩავიდნენ, ჯერ ემანუელ მაკრონი, შემდეგ კი ოლაფ შოლცი.

მოსკოვში პუტინის და მაკრონის შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის მედიაში ფართოდ გავრცელების შემდეგ, დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რატომ ისხდნენ ლიდერები მოლაპარაკებების დროს ერთმანეთისგან ძალიან დიდი დაშორებით, ჩვეულებრივზე გრძელ მაგიდასთან. პასუხი მალევე გახდა ცნობილი.

მოსკოვის ვერსიით, კრემლი პრეზიდენტ პუტინის „ჯანმრთელობაზე” ზრუნავდა და მასთან შესახვედრად ჩასულ საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს, რუსული “პი-სი-არ” ტესტით, კოვიდ19-ზე ტესტირებას სთხოვდა. უარის შემთხვევაში კი ლიდერებს შორის დისტანცირების წესების სრული დაცვით ჩატარება სავალდებულო იქნებოდა.

კრემლის მოთხოვნაზე, როგორც საფრანგეთის, ასევე გერმანიის პირველმა პირებმა უარი განაცხადეს. მათ კრემლს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ლიდერები კოვიდ-19-ზე აცრილები იყვნენ და “პი-სი-არ” ტესტები პირადი ექიმების მიერ, რამდენიმე საათით ადრე უკვე ჩატარებული იყო. ეს კრემლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ორივე შეხვედრა შემდეგ გრძელი მაგიდის ირგვლივ გაიმართა.

რატომ არის დნმ ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი?

მეცნიერები ამბობენ, რომ ორგანიზმიდან აღებული დნმ ნაცხი ადამიანის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას ინახავს. მათ შორის, საიდან არის წარმოშობით, აწუხებს თუ არა რამე, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება, რა სისუსტეები აქვს მას, როგორია მისი იმუნური მაჩვენებლები და სხვა საბაზისო ცნობები.

დნმ სხეულის ყველა უჯრედშია და მისი ამოღება სხვადასხვა მეთოდებით არის შესაძლებელი, მათ შორის – ცხვირის ლორწოვანიდან აღებული ნაცხით, რომლითაც “პი-სი-არ” ტესტი კეთდება.

„ასეთი ნიმუშები შეიცავს ადამიანის ტონობით დნმ-ს“- ამბობს კენი ბემანი, რომელიც მინესოტას უნივესტიტეტის გენომიკის ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გენეტიკური ნაცხით სპეციალისტებს შეუძლიათ მოიპოვონ ყველანაირი ინფორმაცია ადამიანზე.

კითხვაზე პასუხი, თუ რაში სჭირდება რუსეთს დასავლელი ლიდერების დნმ, პასუხი არ აქვს მეცნიერ ჯორჯ ანასსაც.

„დნმ არ არის მაგია. ის მოგცემთ გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ის არ გეტყვით, თუ როგორ შეგილიათ მოკლათ ვინმე,“- ამბობს ანასი.

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რუსეთს ბიოიარაღის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა გენეტიკური ინფორმაციის კომპრომისად გამოყენება, ან ადამიანისთვის ზიანის მიყენება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია.

ამერიკის ხმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share