ამხელა ომშია ქვეყანა, უცებ იცლიან საქართველოზე 7 ენაზე „დატვიტვისთვის“ — კობახიძე

„ამხელა ომშია ქვეყანა და ამ ქვეყნის ლიდერები უცბად იცლიან 7 ენაზე „დატვიტვისთვის“ საქართველოსთან დაკავშირებით“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის ალოგიკურობაზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძემ მანამდე განაცხადა, რომ „აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში“ და აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. კობახიძის თქმით, ენმ-ს ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. ის ასახელებს დავით არახამიას, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირს და უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს რუსეთში, საქართველოს ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს და თავად მიხეილ სააკაშვილს.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა დავით არახამიას კავშირებზე მიხეილ სააკაშვილთან და გაიხსენა, რომ ის #Freemisha მოწოდებით გამოდიოდა, ასევე თავად სააკაშვილმა თქვა, რომ არახამია მისი „დაფრთიანებულია“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ალოგიკურობაზე გარკვეული ნაბიჯების… და თან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამხელა ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და ამ ქვეყნის ლიდერები უცბად იცლიან 7 ენაზე „დატვიტვისთვის“, Twitter-ზე რაღაც პოსტების განთავსებისთვის და ა.შ. საქართველოსთან დაკავშირებით. პლუს ამას დამატებულია ალოგიკურობა — ბელარუსს რომ არ უპირისპირდები ასეთი ზომით და საქართველოსთან მიმართებით ამას აკეთებ, ალოგიკურობაზეც ზედმეტია ლაპარაკი“, — განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share