სააკაშვილი წარმოუდგენელი სიზუსტით წინასწარმეტყველებს პუტინის უკრაინაზე თავდასხმის მოდელს და დეტალებს.
ამ უდავოდ გამორჩეული და კონტროვერსიალური პოლიტიკოსის უცნაური (და იქნებ სევდიანი) მახასიათებელი ისიცაა, რომ ის უაღრესად თანმიმდევრული და საინტერესოა, როცა დასავლური აუდიტორიის სივრცეშია, აქ კი რატომღაც ისე ხდება, რომ უმეტესად დამაბნეველ არათანმიმდევრულობას იჩენს ხოლმე (შიმშილობა, მერე შეწყვეტა და ა. შ. თუმცა ეს კი ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია, რომ შიმშილობას წყვეტს, რადგან ისედაც უმძიმეს ვითარებაშია ივანიშვილის ტყვეობაში). მაგრამ მისდამი სკეპტიკურად ან აგრესიით განწყობილ ქართულ საზოგადოებისაც, ვფიქრობ, რაღაცნაირად მართებს ერთგვარი კომპლექსის დაძლევა მის მიმართ…
მცირე მაგალითი: როცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიმართავს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებს და მას ტაშით ვეგებებით (გასაგებ მიზეზთა გამო), და როცა 4-ე პრეზიდენტი მარგველაშვილიც დემონსტრანტთა გვერდით დგას (რაც ძალიან კარგია), უსამართლობაა, რომ მარგინალურ მდგომარეობაში იყოს ქვეყნის 3-ე პრეზიდენტი, რომელიც ევროპაში პირველი იყო, ვისაც მკვლელი პუტინი დაესხა თავს 2008 წელს… და არც მის მომხრეებს უნდა უწევდეთ დანაშაულის სინდრომის ტარება და მუდმივი ბოდიშების ხდა იმის გამო, რომ არსებობენ.
მით უმეტეს, ამ უდიდესი ცივილიზაციური ტრაგედიის დროს, როცა ყველას ერთიანობა გადამწყვეტია, და როცა ხელისუფლების წარმომადგენლები “ბიზნესისთვის შესაძლებლობებს” ხედავენ უკრაინელების გენოციდის პარალელურად… უფრო დიდი სურათით უნდა შევხედოთ მოვლენებს. ეს უკვე სიმპათია-ანტიპათიის მიღმაა. რადგან მოვლენებია ძალიან დიდი.
ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე ერთი წლის წინ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, გადაცემა” რეალურ პოლიტიკაში” მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, სადაც ის სრული სიზუსტით აღწერს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრისა და მათ სამოქმედო გეგმებს.