ფართი რომელიც “ალტ ინფო” მ საკუთარ ოფისად გამოაცხადა არის ოზურგეთის მერიის საკუთრება, ეს არის ფაქტი, ამას ცხადყოფს იურიდიული დოკუმენტაცია, პირველ რიგში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ეს “გურიის მოამბესთან” საუბარში ვერ უარყო მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თავაძემ, რომელმაც თუმცა ოფიციალურად არ დაადასტურა და გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა, მაგრამ ვერც უარყო ეს რეალობა. ხოლო პრივატულ საუბრებში ლაშა თავაძემ თქვა, რომ ფართი მერიის საკუთრებაა და მისთვის გაუგებარია როგორ მოხვდა იქ “ალტ ინფო”.
აღნიშნული ფართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რეგისტრირებულია 2011 წლიდან ხოლო 2013 წლიდან იქ “ქართული ოცნება” იმყოფება ისე, რომ არანაირი ხელშეკრულება მას გაფორმებული არ ჰქონდა და შესაბამისად გადასახადებსაც არ იხდიდა, ანუ ეს ფართი უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ ეს ოფისი ორი თვის წინ დატოვა და “ალტ ინფოს” ოფისი მას შემდეგ დაუთმო როცა ამ უკანასკნელს ოზურგეთში პრობლემები შეექმნა, რადგან ადგილობრივი მესაკუთრეები პროპუტინისტური ორგანიზაციისათვის საოფისე ფართის გადაცემაზე უარს აცხადებდნენ.
თუ რატომ აიღო საკუთარ თავზე ვინმე მალხაზ ნაცვალაძემ ფართის “მესაკუთრეობა” ეს მხოლოდ იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ეს უკანასკნელი “ქართულ ოცნებასთან”და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია და ცდილობს ძმები თალაკვაძეები, რომლებიც წარმოადგენენ დღეს ოზურგეთის ხელისუფლებას, “უხერხულობიდან” გამოიყვანოს.
“გურიის მოამბეს” ხელთ არსებული დოკუმენტაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით მჟავანაძის განცხადება სრულად შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ბიზნესმენი მალხაზ ნაცვალაძე მართლაც ფლობს ოზურგეთში სამ ფართს, ოღონდ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, მას ასევე შეტანილი აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე მიწის ნაკვეთი კურორტ გომისმთაზე, რომელიც ჯერ დარეგისტრირებული არ არის.
ახლა გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კითხვები რომ “ალტ ინფოსთვის” გადაცემული ფართი ოზურგეთის მერიის საკუთრებაა არ არსებობს.
ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ასევე:
ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის უკან, ავთანდილ და არჩილ თალაკვაძეები დგანან
დღეს, ოზურგეთში ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის – ალტ ინფოს ოფისი გაიხსნა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, ფართი, რომელიც ალტ-ინფომ ოზურგეთში იქირავა და ოფისი გახსნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილებაშია.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, ყველამ ერთად უარი უთხრეს ალტ-ინფოს ფართის მიქირავებაზე, ოზურგეთის მერიამ, ძალადობრივ და პუტინისტურ ჯგუფს საკუთარ კუთვნილებაში არსებული ფართი გამოუყო და საოფისედ ყველანაირი საიჯარო ხელშეკრულების გარეშე გადასცა.
ამ ინფორმაციას ოზურგეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ავრცელებს, რომელიც “გურიის მოამბესთან” საუბარში ამბობს:
“დღეს, ოზურგეთში გაიხსნა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ოფისი. მაშინ როცა უკრაინაში მშვიდონიანი მოსახლეობა იღუპება, ბავშვებს ხოცავენ და სამშობიაროებს აფეთქებენ, არც მეტი არც ნაკლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთნდილ თალაკვაძე, რომელიც არჩილ თალაკვაძის ძმაა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ქონებას უთმობს ამ კრიმინალურ ბანდას და აძლევს მათ უფლებას, რომ აქ ოფისის გახსნის პრეზენტაცია ჩაატაროს. აქ არის ყველანაირი ზღვარი წაშლილი.” – ამბობს მჟავანაძე.
როგორც დავით მჟავანაძე აცხადებს, ალტ-ინფოსთვის ფართის მიქირავებას ავთანდილ თალაკვაძე ძმის, არჩილ თალაკვაძის გარეშე ვერ შეძლებდა:
“პრობლემა ამ დამნაშავეების ჯგუფი კი არაა, პრობლემაა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა”. ვერანაირად ვერ გაბედავდა ავთანდილ თალაკვაძე მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის ნებართვის გარეშე, ასეთი დანაშაული ჩაედინა.ეს არის დანაშაული. საბუთებით მტკიცდება, რომ სადაც ალტ ინფოს ღონისძიება ჩატარდა, ეს არის ის ფართი, რომელსაც ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს ოზურგეთის მერი. ორშაბათს უნდა მივიდეთ მის კაბინეტში და უნდა მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება ამ ყველაფერზე.” – აცხადებს დავით მჟავანაძე.