მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკითხი ასე არ დგას. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას” შორის უთანხმოება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაიწყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ზედმეტი და მისი აზრით გაუმართლებელი სიფრთხილის გამო გააკრიტიკა. ამას მოჰყვა პრეზიდენტის ჩართვა უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, რამაც „ოცნებაში” ასევე უკმაყოფილება გამოიწვია.
შემდეგ იყო უთანხმოება პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით. თვის დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ზურაბიშვილი 5 მარტს მივიდოდა პარლამენტში, თუმცა მმართველი პარტია ამას არ დაეთანხმა და პრეზიდენტის გამოსვლა 14 მარტისთვის დანიშნა.
14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა უკვე ღიად წაუყენა ხელისუფლებას ბრალდება და განაცხადა, რომ მთავრობამ დასავლეთში მისი ოფიციალური ვიზიტები დაბლოკა, თუმცა მან მაინც განახორციელა ვიზიტები და პირადი შეხვედრები ევროპაში დასავლელ ლიდერებთან.
ამ გამოსვლის შემდეგ კი „ოცნებამ” პრეზიდენტს უკვე ასევე ღიად წაუყენა რამდენიმე ბრალდება. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის ახსნილი მათი პოზიცია და პრეტენზიები პრეზიდენტთან.
რა ბრალდებები წაუყენეს პრეზიდენტს
კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი – ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ფაქტს, როდესაც პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა.
მეორე უხეშ დარღვევად კი პოლიტსაბჭომ ჩათვალა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეყვანა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე:
„თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზოგ შემთხვევაში ამეტებს თავის უფლებამოსილებას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, „ოცნების” თქმით, უშედეგოდ.
თავის განცახდებაში „ოქნება” ასეთი გადამეტებისა და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევის რამდენიმე რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ასახელებს:
– პრეზიდენტი უარს აცხადებდა გარკვეული პირების ელჩად დანიშვნაზე.
– პრეზიდენტმა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გამართა შეხვედრები უცხოეთში მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდა ამასთან დაკავშირებით მთავრობის ნეგატიური პოზიციის შესახებ.
„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, „მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”.
იმპიჩმენტის პროცედურა
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს მას და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).
თუ პარლამენტმა 2 კვირის ვადაში არ მიიღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება, იმავე სამართლებრივი საფუძვლით იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
ხელისუფლების პოზიცია და შეფასებები
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება. ამისთვის საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას” კი საკანონმდებლო ორგანოში 83 დეპუტატი ჰყავს.
თუმცა, როგორც „ოცნების” პოლიტსაბჭოს, ასევე მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებშიც ჩანს, რომ ხელისუფლება საკითხის ასე დაყენებას ჯერ არ გეგმავს.
პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს „კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში” მიმართავს.
ხოლო „ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კი დასაშვებად არ მიიჩნევს დღეს არსებულ ვითარებაში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობას.
„აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია, მისი ჟესტი. იქნებ შეთანხმების შემთხვევაში სხვანაირად ხდებოდა?”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი და მას იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება.
„მე, რა თქმა უნდა, არ გავიმეორებ იმას, რაც პოლიტსაბჭოს წერილში იყო განმარტებული. ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია.
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და ამდენი პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები. ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი და ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.
„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ამ გაურკვევლობასა და გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რა გაგრძელება ექნება „ოცნების” სარჩელს
იმპიჩმენტის საკითხს გამორიცხავას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც და „რეზონანსთან” ამბობს, რომ აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ხელისუფლების რეაქციაა პრეზიდენტის მწვავე კრიტიკაზე.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან სწორი. ამ გამოსვლით მან დაადასტურა, რომ ქვეყნის პრეზიდენტია და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. იმ კრიტიკული განცხადებების ფონზე, რაც პარლამენტში გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მან დაიმასახურა „ქართული ოცნებისა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილება, რადგან მისი გამოსვლა ეხებოდა ძირითადად ამ ორ პარტიას.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – იმ შემთხვევაში, თუ ასე გააგრძელებს პრეზიდენტი, წარმოიქმნება რთული ურთიერთობები მასსა და „ოცნებას შორის”, – განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსმა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
„საკონსტიტუციო უფლებებიდან გამომდინარე, ფორმალურად პრეზიდენტს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პრემიერთან შეთანხმებით. ახლა არ შემიძლია სარჩელის ასე ზეპირად განხილვა, ანალიზის გარეშე, მაგრამ მგონია, რომ ამ მოსაზრებას კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით არ გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო. კი, პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს საკითხები პრემიერთან, მაგრამ შესაძლებელია მას ჰქონდეს თავისი შეხედულებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს არგუმენტირებული.
„ამასთან, მეეჭვება ასე შორს წავიდეს „ქართული ოცნება” და დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, უბრალოდ ეს არის მათი რეაქცია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე და ამას არ ექნება რაიმე გაგრძელება”, – განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან”.
რეზონანსი