ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, თუ 1.5 თვეში ხორბლისა და ფქვილის ფასი გაიზარდა, საქართველოში, შესაძლოა, პური გაძვირდეს, თუმცა „სახელმწიფო პურის ფასს დააზღვევს“. ამის შესახებ ლევან სილაგავამ სასტუმრო „ბილტმორში“ EUGBC-ის მიერ „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თავნამშრომლობის პერსპექტივებზე“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობას, ხორბლის იმპორტიორებსა და წისქვილკომბინატებსა და პურის მწარმოებლებს შორის მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მუდმივი კომუნიკაციაა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში მარაგების შექმნა და პურის ფასის შენარჩუნებაა.
“ყველა სცენარი გათვლილია; დღეს პურის ფასი სტაბილურია და მეპურეები აცხადებენ, რომ მათ ფქვილის მარაგი აქვთ, ხოლო ჩვენ ხორბლის 1 თვის მარაგი გვაქვს, რაც გაერო-ს რეკომენდაციის კომპონენტებში პრინციპში ჯდება და ხარჯვის პარალელურად მოხდება ამის შევსება. მარაგების შესავსებად განიხილება რუმინეთი და გრძელვადიანად აშშ, რომელსაც სახელმწიფო ესაუბრება. იმ შემთხვევაში თუ პურის ფასი 1-1.5 თვეში გაიზრდება, რაც შესაძლებელია, სახელმწიფო დააზღვევს პურის ფასს, რაც იმას ნიშნავს, რომ პურის ფასს არაფერი ემუქრება. თუ 1.5 თვის შემდეგ ფქვილის ფასი გაიზრდება და ეს ზეგავლენას იქონიებს პურზე, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამუშავებს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ ხორბლის იმპორტის ნაწილში, ქვეყანაში საჭირო მარაგების უზრუნველსაყოფად, ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა უკვე დაიწყო.
„სახელმწიფოსთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი დამუშავდა, მათ შორის რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვიდან გამომდინარე, ეს ჯერ დადგენილების დონეზეა და ალბათ მალე მოეწერება ხელი. ეს ჩვენთვის გადამცემი ეფექტის მომტანი იქნება, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყობა ყაზახეთის ბაზარზე შევძელით, საიდანაც ახლა 10 000 ტონა ხორბალი მოდის და კიდევ ამდენი დაკონტრაქტდება.
შემდგომი პოზიცია ის არის, რომ 1-ელი ივნისიდან საქართველოში ახალი მოსავალი მოვა და ამ პერიოდიდან ეს დააბალანსებს სიტუაციას, რადგან ადგილზე ხორბლის 2-თვიანი მარაგი გვექნება“, – თქვა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ ალტერნატიულ ბაზრებად საქართველო რუმინეთსა და აშშ-ს განიხილავს. ამ უკანასკნელ ბაზართან მიმართებით სახელმწიფო მოლაპარაკებებს თავად აწარმოებს.