თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად რუსეთიდან – 12,7%-ით, უკრაინიდან კი 31,45%-ით შემცირდა. აღნიშნულს მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკა.
კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა – 21,94 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უკრაინიდან – 5,08 მლნ აშშ დოლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილები შემცირებულია თვიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში – 22,38 მლნ აშშ დოლარი, უკრაინიდან კი – 5,477 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.