“უკრაინა საქართველოს რუსეთთან საკუთარ ომს ახსენებს. ეს დილემას ქმნის” – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა New York Times უკრაინაში ომთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სტატიას აქვეყნებს.
“რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა. ბევრი ქართველისთვის, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად უკრაინას მხარში უნდა დაუდგეს. თუმცა მთავრობა უფრო ფრთხილია”,- ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ რუსეთის მოსაზღვრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც რუსულ და დასავლურ გავლენებს შორის არიან როგორც საქართველო, მთავრობები სტრატეგიული დილემის წინაშე დააყენა.
სტატიაში საუბარი შეეხო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებსა და საქართველოს მთავრობის პოზიციას. კერძოდ, სტატიის ავტორმა ისაუბრა 2008 წლის ომსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის წერს, რომ რუსეთის ქმედებების გამო, საქართველოს მთავრობას “არაგონივრულად” მიაჩნია რუსეთთან ხისტი საუბარი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის ფრთხილ მიდგომას დაუპირისპირდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომელმაც უკრაინის შესახებ უმრავლესობის აზრსა და სამთავრობო პოლიტიკას შორის ბევრად უფრო მწვავე დაპირისპირება შექმნა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ავტორი ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების თითქმის 60%-ს მის მის მიერ არჩეული ოფიციალური პირებისგან, უკრაინის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციის გამოხატვა სურს. ავტორმა გაიხსენა ხელისუფლების პოზიციის დასაგმობად და უკრაინის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანის პროტესტიც.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართული საზოგადოების მხრიდან მზარდი აღშფოთების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავს არიდებს რუსეთის პირდაპირ დაგმობას და უარს ამბობს მისთვის სანქციების დაწესებაზე. ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობა “შეეჯახა” პრეზიდენტს, რომელსაც “უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა”.
ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ხელისუფლებამ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრების, ხოლო რუს დისიდენტებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.
ავტორმა ასევე ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, ახსენა ისიც, რომ რუსეთმა საქართველო არამეგობრულ ქვეყნების სიაში არ შეიყვანა, უკრაინამ კი თავისი ელჩი ქვეყნიდან გაიწვია.
“ყველაფერმა ამან გამოიწვია ბრალდებები, რომ “ქართული ოცნება” მოსკოვთან თანამშრომლობს – დაუმტკიცებელი განცხადებები, რომელსაც იმპულსი შესძინა იმანაც, რომ პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში გამოიმუშავა. ივანიშვილის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ინტერვიუზე. მას პარტიაში ფორმალური როლი აღარ აქვს, მისი პარტია კი რუსეთთან თანამშრომლობაზე ბრალდებებს უარყოფს”,-წერია სტატიაში.