რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონზე – IMF-ის ანგარიში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება კონფლიქტს მსოფლიოზე.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ომი არამარტო უშუალოდ ომში ჩართულ ქვეყნებზე, არამედ ევროპის რეგიონსა და მთელს მსოფლიოსაც მნიშვნელოვნად დააზარალებს. მათი პროგნოზით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირება, ასევე, ფასებისა და ინფლაციის დონეების ზრდა.

IMF-ის ინფორმაციით, ფასების ზრდა განსაკუთრებით მოსალოდნელია ენერგორესურსებსა და საკვებზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ხორბლის საერთო ექსპორტის 30%-მდე უკრაინიდან და რუსეთიდან ხორციელდება. საომარი მოქმედებების გამო კი, შესაძლოა, აღნიშნულ ქვეყნებში ხორბლის მოსავალი მკვეთრად შემცირდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს ფისკალური და სავაჭრო დეფიციტი ემუქრებათ.

ევროპა

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, რუსეთისთვის უპრეცედენტო რაოდენობის სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკასაც დააზარალებს. მოსალოდნელია საკვებსა და ენერგორესურსებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა.

ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება მიგრანტების კრიზისი. ბოლო მონაცემებით, უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

კავკასია და ცენტრალური აზია

„ევროპის გარდა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები უფრო დიდ შედეგებს იგრძნობენ, რუსეთის ეკონომიკის რეცესიისა და სანქციებისგან. მჭიდრო ვაჭრობა და გადახდის სისტემის კავშირები შეზღუდავს ვაჭრობას, ფულად გზავნილებს, ინვესტიციებს და ტურიზმს, რაც უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციაზე და საგარეო და ფისკალურ ანგარიშებზე“,- ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.

ფონდის ცნობით, ენერგორესურსების დეფიციტი და ინფლაციის დონის ზრდა კავკასიის რეგიონის ქვეყნებსაც ემუქრება.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share