„ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია, ქარხანა ასამუშავებლად მზადაა“- რას აცხადებს „აგარის შაქარი“?

“ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია, ქარხანა ასამუშავებლად მზად არის” – ამის შესახებ “აგარის შაქრის” დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკა ნათბილაძემ, გადაცემაში “რეალური სივრცე” განაცხადა.

როგორც მან განმარტა მოსახლეობაში შაქრის შესყიდვაზე პანიკა უნდა შეწყდეს, რადგან ქვეყანაში შაქრის მარაგების დეფიციტი არ შეიქმნება. “აგარის შაქარი” ლერწმის შაქარზეა გადაიარაღებული და ნედლეულის მომწოდებელი ძირითადი ქვეყანა ბრაზილიაა. შაქრის მცირე რაოდენობას ქვეყანა ევროპიდანაც იღებს.

“საქართველო შაქრის ნედლეულის იმპორტით არც რუსეთზე და არც უკრაინაზე დამოკიდებული არ არის. ჩვენი წარმადობა წლიურად 100 ათასი ტონაა, საქართველოში კი შაქრის მოხმარების საერთო ბაზარი 130-140 ათასი ტონაა. თუ დეფიციტი იქნება იმპორტის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ნედლეული შევუკვეთოთ და გადამუშავების წარმადობაც გავზარდოთ.” – აღნიშნა ნიკა ნათბილაძემ.

1 აპრილიდან “აგარის შაქარი” კიდევ ერთხელ ამუშავდება. საქმე ის არის, რომ კომპანია ბოლო წლების განმავლობაში, პერიოდულად კონსერვაციის რეჟიმზე გადადის და ახლაც მორიგი კონსერვაციის პირობებში იმყოფება, თუმცა 1 აპრილიდან ამოქმედდება და 31 დეკემბრამდე იმუშავებს. ამასთან, “აგარის შაქარში” ამბობენ, რომ მუშაობის განახლება დაგეგმილი ჰქონდათ და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share