Pfizer-ით ვაქცინაცია შეჩერებულია – როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინის ახალი დოზები?

საქართველოში Pfizer-ის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის 400 000 დოზას 31 მარტს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ განცხადება 22 მარტს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უფრო ადრე კი 22 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. მინისტრის მოადგილემ მაშინ ისიც აღნიშნა, რომ „იმისთვის, რომ მოქალაქეებმა 1 აპრილიდან Pfizer-ით აცრა შეძლონ, მოწოდება მოხდებოდა“.

დღეს BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის პუნქტებში მოქალაქეებს Pfizer-ის ვაქცინით აცრაზე უარს ეუბნებიან. Pfizer-ის ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა მოქალაქეებს არც ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge-ზე აქვთ. აქედან გამომდინარე BM.GE-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს მიმართა.

NCDC-ში ირწმუნებიან, რომ Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები ქვეყენაში რამდენიმე დღეში შემოვა, თუმცა რამდენ დღეში არ აკონკრეტებენ. უწყებაში ვერც ვაქცინის ვადაგასული დოზების რაოდენობას აზუსტებენ.

„ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინების ამოღება მიმდინარეობს და სულ მალე, ამ დღეებში ვაქცინის ახალ დოზებს შემოიტანენ. ამოღებული ვაქცინის რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მიმდინარეობს ვაქცინის ამოღება, დათვლიან და შემდეგ გვეცოდინება“, – განმარტეს NCDC-ში და დასძინეს, რომ ქვეყანაში  Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share