რუსეთის დუმის დეპუტატი დეპარდიესთვის მოქალაქეობისა და პირადი ქონების ჩამორთმევას ითხოვს

Единая Россия-ს დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა დუმას ჟერარ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობისა და პირადი ქონების ჩამორთმევის წინადადებით მიმართა.

“ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჟერარ დეპარდიეს გავუუქმოთ რუსეთის პასპორტი, თავისი გამოხტომებისა და რუსი ხალხის სახელით ლაპარაკის გამო. მას ასევე უნდა ჩამოერთვას სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ბინები სარანსკსა და გროზნიში და გადაეცეს ობოლ ბავშვებს”. – მიმართა ხამზაევმა დუმას.

რამდენიმე ხნით ადრე ფრანგმა მსახიობმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა.

“რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი ლიდერების მიუღებელ და შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია”. – თქვა დეპარდიემ.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დეპარდიემ ომი შემდეგი სიტყვებით დაგმო: “რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები”.

დეპარდიე 2013 წელს რუსეთში საცხოვრებლად გადავიდა და მალევე მოქალაქეობაც მიიღო. მსახიობი საფრანგეთის საგადასახადო სისტემას გამოექცა. სხვადასხვა დროს, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის მეგობარია. ასევე რუსეთს დიდებული დემოკრატიის ქვეყანა უწოდა, ხოლო მისი მმართველი რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს შეადარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share