“გვამების შემოდება” – ოხანაშვილი ბოდიშს საკუთარი განცხადების გამო იხდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

“გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!

თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა. რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი”, – წერს ოხანაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ანრი ოხანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: “უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს, სიტყვით გამოსულიყო პარლამენტში, ასევე ქართული ოცნება ამბობს, რომ ენმ-სთანაა ის აფილირებული. რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება?”

რაზეც ოხანაშვილმა უკრაინის ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში დაადანაშაულა და დაამატა, რომ კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, “ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share