„უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! – როგორც ჩანს, ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
მისივე თქმით, ის, ვინც საყვედურობს ზელენსკის, რომ მან თითქოს, ომი თავიდან ვერ აიცილა ბრიყვი ან უკიდეგანოდ სამარცხვინოა.
„რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! – ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია. რომელი ქართველიც ამბობს, რომ ზელენსკიმ გაიმეტა თავის ქვეყანა და დაანგრევინა, ან ბრიყვები არიან, ან საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ არაფერზე, არც ისტორია იციან, არც პოლიტიკის გაეგებათ და პრორუსები არიან. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხს შევკრებდი, ერთ ეშელონში ჩავსვამდი და რუსეთში გავუშვებდი. იცხოვრონ იმ ამაზრზენ, საშინელ ქვეყანაში. მე ერთი უკრაინელი, ერთი ადამიანი არ მინახავს, რომელიც ძვირს ამბობს ზელენსკიზე. ალბათ, ჩერჩილის გარშემო იყვნენ ინგლისელები დარაზმულები, როდესაც 10 თვე მარტო იგერიებდა ბრიტანეთი გერმანიას. დღეს ასეთი კონსოლიდაციაა. ღმერთო, ასეთი კონსოლიდაცია მანახე საქართველოში, ოდესმე, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გარშემო. კრიზისები არ გვინდა, კონფლიქტები და ომები საკმარისად გვქონდა… ყველა ამბობს, რომ უნდა გავიმარჯვოთ, ბრძოლა გამარჯვებამდეა. ვის უნდა უსაყვედურონ? პატარა ბავშვებს რომ აუპატიურებენ და შემდეგ ხელფეხშეკრულებს ხოცავს და აწამებს?! ის, ვინც საყვედურობს ზელენსკის, რომ მან ომი თავიდან ვერ აიცილა ბრიყვი ან უკიდეგანოდ სამარცხვინოა“, – აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა.