პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი უკრაინის რადას მხრიდან შალვა პაპუაშვილის მიწვევას და ამ მიწვევაზე უარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“პაპუაშვილის ადგილზე არათუ აუცილებლად ჩავიდოდი ბუჩაში, არამედ ჩავიდოდი მთელი საპარლამენტო დელეგაციით, სადაც უმრავლესობის წევრებთან ერთდ ოპოზიციის წევრებიც იქნებოდნენ და ყოველმხრივ მოვახდენდი იმის დემონსტრირებას, რომ მთელი საქართველო, მიუხედავად შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებისა, დგას უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლების გვერდთ.
თითქოსდა ელემენტარული ამბავია ამის გაკეთება, მაგრამ რას ვხედავთ ამის ნაცვლად? თავისმომჭრელად სამარცხვინო გაბუტულ-განაწყენებულის პოზას და უკრაინის ხელისუფლების მიმართ საყვედურებს. ამაოდ დაშვრა კელი დეგნანი, როდესაც დიპლომატიურად მოუწოდებდა ყველას საჯარო შპილკაობას თავი დაანებეთ და პირდაპირი კომუნიკაციის ფორმატში გადადითო. არ ესმით ამათ დიპლომატიის ენა.
სულ სამი სახელმწიფო აგინებს დღეს უკრაინის ხელისუფლებას დედამიწის ზურგზე: რუსეთი, ბელარუსი და საქართველო და ამ სამში კიდევ საქართველო მეორე ადგილზეა. ლუკაშენკო სერიოზულად ჩავხიეთ. მე არ ვიცი რა უნდა დაგვემართოს უარესი, ალბათ პირველ ადგილზე როცა გავალთ ამ საპატიო სამეულში, ის.
P. S. აქვე მორიდებით გთხოვთ, რომ “აბა ომი გინდათ” ტიპის სისულელებით არ შემოვარდეთ აქ არავინ. თუ გული ვერ გაგიძლებთ და მაინც შემოვარდებით, გაუფრთხილებლად წაიშლებით და თუ თქვენსას მაინც არ დაიშლით, დაიბლოკებით.” – წერს ზურაბიშვილი.