პრემიერმა ასევე, თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ე.წ. მუხროვანის ბაზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იქნება.
გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, თბილისში კადეტთა ლიცეუმი აშენდება.
„თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე პროექტიც მინდა გამოვყო. პირველი, ეს არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა. გვინდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იყოს ე.წ. მუხროვანის ბაზა. დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი. დაიწყება წელსვე და მომდევნო 2-3 წელიწადში დასრულდება. გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ბაზა.
ასევე გვინდა კადეტთა ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ. ერთი ლიცეუმი ქუთაისშია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. გვინდა ანალოგიური ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი.
ასევე გვინდა აქტიური მუშაობა დავიწყოთ სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.