ყაზახეთმა, რომელიც ხორბლის ქართველი იმპორტიორებისთვის რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარია ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, ზედა ზღვარი იმდენად მაღალია, რომ ეს ქართულ ბაზარზე ვერ აისახება.
„ყაზახეთმა დააწესა კვოტა, 1 მლნ ტონა ხორბლის გამოტანაზე და 300 000 ტონა ფქვილზე. ყაზახეთის წისქვილ-კომბინატების ასოციაციის მოთხოვნა იყო, რომ კვოტა ყოფილიყო 500 000 ტონა, ანუ ორჯერ ნაკლები და ორჯერ ნაკლები გასულიყო ყაზახეთიდან. ამას არ დაეთანხმა მთავრობა და მიჯნა აწია. შესაბამისად, ეს უფრო ლიბერალური რეჟიმია, ვიდრე ყაზახეთის მწარმოებლების მიერ იყო მოთხოვნილი. ეს არის 2-თვიანი – აპრილის და მაისის რეჟიმი. ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ბაზარი, რომ ამ 1 მლნ-ში ვერ ჩავეტიოთ. შესაბამისად, ჩვენ ამ სიტუაციაში ვმუშაობთ. რაღაც გამოწვევა ნამდვილად არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ხორბალი ვერ წამოვიღოთ ყაზახეთიდან. ფქვილი ისედაც არ მოგვქონდა.
ინფორმაციისთვის, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერბოლ კარაშუკეევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში იმოქმედებს შემზღუდავი კვოტები ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.