რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება. ნაბიულინამ სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში ფუნქციონირებას ამჟამად არსებული მარაგების გათვალისწინებით თუმცა “პერიოდი, როდესაც რუსეთს მარაგებით შეეძლო ეცხოვრა, დასრულდა”.
“როგორც ცენტრალური ბანკი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდში გარკვეულ საქონელზე ფასების საგრძნობი ზრდა იქნება. ამიტომ ინფლაცია იქნება სამიზნე რიცხვზე მეტი. აუცილებლად უნდა გავიაროთ ადაპტაციის ეს პერიოდი. ამასთან, ინფლაცია არ უნდა გახდეს უკონტროლო, რომელიც შემდგომში ადამიანების შემოსავალსა და დანაზოგს აუფასურებს. იმედი გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 4% ინფლაციას დავუბრუნდებით.
სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან”, – განაცხადა ნაბიულინამ.