ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ქართული ოცნება “სტრატეგიული ბუნდოვანების” პოლიტიკას აგრძელებს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა განცხადებებით საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობს – კანდელაკის თქმით, მმართველ პარტიას ამაში საპარლამენტო ოპოზიცია ეხმარება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდებოდა და ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა, ხოლო შემდეგ ამბობენ, რომ ქვეყანა “რაღაც სანქციებს” მიერთებულია და, კანდელაკის სიტყვებით, “სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამაში კვერს უკრავს”.
“ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომლითაც დღეს მინდა მივმართო მათ – როდის იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომ ეს არის საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება თუ მაშინ იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ თურმე რაღაც სანქციებს მიერთებული ვართ. თუ პოზიცია შეიცვალეს და ახლა თვლიან, რომ უნდა მივუერთდეთ და ვიყოთ ამ სანქციების ნაწილი?
ამავე დროს, მეორე კითხვა, რაც ბუნებრივად ჩნდება, არის ის, თუ რა არის საპარლამენტო ოპოზიციის მოტივი, როცა ამ იმიტაციაში, რეპუტაციის გამოსწორებაში ფაქტობრივად ეხმარებიან ქართულ ოცნებას“. – ამბობს კანდელაკი.
კანდელაკის თქმით, კითხვები ჩნდება, რადგან საქართველოს პოლიტიკა და გადაწყვეტილება არ შეუცვლია და სინამდვილეში სანქციებს არ მიერთებია.
“ამ ფინანსურ საბანკო სანქციებზე რომ არის საუბარი, ეს საქართველოს გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ არის კერძო სექტორის მიერ, ბანკების მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები – იმდენად არის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რომ ამ შეზღუდვების საკუთარი ხელითვე არდაწესება, უბრალოდ, ბანკების გაკოტრებას გამოიწვევდა.
მთავრობას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და, ამავე დროს, არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა არ შესულა, არანაირი ფორმალური გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუნდაც, ორმაგი დანიშნულების საგნები, როგორიც მიკროჩიპებია, საქართველოს გავლით რუსეთში არ შევიდეს – მას რუსეთი გამოიყენებს თუნდაც სამხედრო მრეწველობაში”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.
კანდელაკის სიტყვებით, ქართული ოცნება “სტრატეგიული ბუნდოვანების” პოლიტიკას აგრძელებს – ერთი მხრივ, მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კრიზისში საქართველო იქცევა, “როგორც რუსეთის რბილი სატელიტი”, მეორე მხრივ კი “ორმაგი საუბრით” ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებას.
“რაში აინტერესებს, რა ხეირი აქვს და რა მოტივი აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, როცა ის ეხმარება ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის გამოსწორებაში, მაშინ, როცა არა თუ საქართველო ფორმალურად არცერთ სანქციას არ მიერთებია, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ამაზე საქართველოს მთავრობას სიტყვა არ დაუძრავს არცერთ საერთაშორისო ფორმატში, არცერთ მსოფლიო ლიდერთან, იმისთვის, რომ ამ სანქციებში ჩვენი საკუთარი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, დევნილთა ქონების საკითხები მოხვედრილიყო დასავლურ სანქციებში”. – ამბობს ის.