“გარეწარი’, “უნამუსო”, “გადამგდები”, “აფერისტი” – ამ ეპითეტებით ამკობენ ახლა ოზურგეთში გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს და საქართველოს მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, ხშირად ადიოდნენ კურორტზე და გასცემდნენ დაპირებებს, რომ მოხდებოდა ყველა მესაკუთრის ქონების უპრობლემო რეგისტრაცია კურორტ გომისმთაზე.
წინასაარჩევნოდ გაცემული, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პროკურატურამ საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებული ქონების, მოქალაქეებისაგან უკან დაბრუნება დაიწყო.
როგორც “გურიის მოამბეს” გვიყვებიან, ქალაქ ბათუმში, უკვე სამი თვეა იბარებენ მოქალაქეებს, რომლებმაც შეძლეს და სახლები და მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს ამ კურორტზე, მათგან აჭარის პროკურატურის თანამშრომლები ქონების ნებაყოფლობით უკან დაბრუნებას მოითხოვენ;
“გომისმთაზე, მამაჩემის ძველი მიწის ნაკვეთი მოვინახულე, 2020 წლის ადრეული შემოდგომა იყო, მშეწნებლობები მიმდინარეობდა, თუმცა მე სკეპტიკურად ვიყავი ჰანწყობილი და თავს ვიკავებდი გამეღო ხარჯები ამ მიმართულებით. ჩემს ახლობელს ვახლდი მის საქმეზე და ტანაც ჩემი მიწაც მოვინახულე, სადაც წლების წინ აგარაკი გვქონდა და მამაჩემს ოჯახით დასასვენებლად დავყავდით, ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მიისაკუთრა, ვნახავ მეთქი. უცებ ახალგაზრდა კაცი გამოგვეცხადა და გვთხოვა კურორტის ცენტრში მივსულიყავით, დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე იყო ამოსული და ჩვენთან შეხვედრა უნდოდა. დავინტერესდი, ავედით და რას ვხედავთ, გაშლილია უზარმაზარი სუფრა, ახლაც მახსოვს, განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ფეხზე დამდგარი შემწვარი თუ მოხარშული თხები, მოპკლედ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და ჩიგოგიძემ სადღეგრძელოში, ყანწით ხელში გამოგვიცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ქონება დაურეგისტრირდებოდა და თვითონ იყო ამის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა “ატვეჩაი”, მეტიც მან მოგვიწოდა მშენებლობების გაგრძელებისაკენ, არ დაუკონკრეტებია, თუმცა ყველა მივხვდიტ რომ სანაცვლოდ ის არჩევნებში მხარდაჭერას ითხოვდა, ეს უკვე სხვა გამომსვლელებმა (სუფრაზე) თქვეს. ეს ყველაფერი იმდენად დამაჯერებელი იყო, ასეულობით გომისმთის მოყვარულმა არამარტო ხმა მივეცით ოჯახებით, არამედ იმ წუთიდან ამ კურორტზე მშენებლობები მინიმუმ გაორმაგდა” – გვიყვება ბატონი მერაბი, შუახნის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს და რამდენიმე კვირაა ბათუმის პროკურორების ზეწოლის ქვეშაა, რომ მისი აშენებული სახლი და დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უკან სახელმწიფოს დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თვითონ ამბობს, პროკურორები მას თაღლითობის ბრალდებით დაპატიმრებით ემუქრებიან, და არა მარტო მას, არამედ მის მოწმეებსაც იგივე ბედის გაზიარება უწევთ.
კიდევ ერთი მესაკუთრე, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ირაკლი გვიყვება, რომ დღეისათვის კურორტ გომისმთაზე მობინადრეთა მხოლოდ ორი კატეგორიაა, რომელსაც პროკურატურა არ “ეკარება” – ესაა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტაცია, (გომისმთაზე ერთ უბანს საკრებულოს უბანი ჰქვია) და სასულიერო პირები.
ორი წლის წინ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, კურორტ გომის მთაზე სისტემური რეგისტრაცია დაიწყო, რაც გულისხმობდა როგორც მართლზომიერ ისე არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარებას და საკუთრებაში რეგისტრაციას, უნდა აღინიშნოს, რომ გომისმთაზე არამართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ახდენდა არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კომისია არამედ საჯარო რეესტრი. რეგისტრაციის პირველი ეტაპი გომისმთაზე უკვე დასრულდა და განმცხადებლების ნაწილს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი სახლი საკუთრებაში დაურეგისტრირდა.
როგორც ირკვევა გასული წლიდან პროკურატურამ დაიწყო იმის გარკვევა თუ რამდენად სწორად მოხდა უძრავი ქონებების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით უკვე რვა პირს მის საკუთრებაში რეგისტრირებული სახლი და მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ასევე, როგორც გაირკვა, გამოძიებას აჭარის პროკურატურა აწარმოებს, რომელიც ინტენსიურად იბარებს იმ მოქალაქეებს რომლებსაც რეესტრმა მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირა საკუთრებაში და ითხოვს მათგან, როგორც მიწის ნაკვეთის, ასევე სახლის (სახლების) სახელმწიფოსათვის გადაცემას, წინააღმდეგე შემთხვევაში მათ ჯგუფური თაღლითობის საფუძლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრითა და წინასწარი პატიმრობით ემუქრება.
ასევე საგულისხმოა ის, რომ პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, არა მარტო უშუალოდ ქონების მესაკუთრეს, არამედ მის იმ მოწმეებსაც ემუქრებათ, რომლებმაც რეესტრის მოთხოვნით დაუდასტურეს მიწის ნაკვეთის მფლობელობა.
საგულისხმოა, რომ მთავრობის წევრების განცხადებების შემდეგ, გომისმთაზე მიწის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობამ 7 500 ოჯახს გადააჭარბა (ცნობისათვის ქალაქ ოზურგეთში 4 500 ოჯახი ცხოვრობს) და ამ მაჩვენებლით გომისმთამ არამარტო ბახმაროს გადაასწრო, არამედ გურიის ადმინისტრაციულ ცენტრსაც.