“ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი საზოგადოებისთვის უინტერესოა. მისი თქმით, მოქალაქეებს სხვა საკითხები აწუხებთ.
“მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი საყურადღებო საკითხები აწუხებს და აინტერესებს საზოგადოებას. თუკი რაიმე იქნება აქ ან ავთენტური, ან რაღაცა წინააღმდეგობრივი, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობენ”, – თქვა მაჭარაშვილმა.
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია “სისტემას” მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.