მსოფლიო ბანკის უახლესი განახლებადი ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკის ფონზე სურსათზე ისტორიულად მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის შემდეგ, სურსათზე გაზრდილმა ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვინაიდან ომში ჩართული ქვეყნები ამ პროდუქტების მსხვილი მწარმოებლები არიან.
“საერთოდ, ეს არის ყველაზე დიდი სასაქონლო შოკი, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ განვიცადეთ. ამ მოვლენების ფონზე, შეიმჩნევა სტაგფლაციის [ერთდროულად ეკონომიკური ზრდის შეჩერება/შენელება და ფასების საერთო დონის ზრდა] ნიშნები. პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას დააზიანებს”. – თქვა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების საკითხებში, ინდერმიტ გილმა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სოფლის მეურნეობისა და მძიმე მეტალების პროდუქტების ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზრდება და 2024 წლამდე დაახლოებით იმავე ტენდენციით გააგრძელებს ზრდას. მსოფლიო ბანკის ცნობით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ეკონომიკური პროგნოზები კიდევ უფრო დამძიმდება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხორბალი დაახლოებით 40%-ით გაძვირდება, რაც ნომინალური თვალსაზრისით, ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს. ამ პროცესებს გავლენა განვითარებად ეკონომიკებზე ექნებათ, რომლებიც ძირითადად იმპორტირებულ ხორბალზე არიან დამოკიდებულები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ხორბლის მარაგების 1/3 რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.
“სასაქონლო ბაზრებზე ამგვარ ზეწოლას ხანგრძლივი დარტყმითი ეფექტი ექნება. ფასების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა საკვების წარმოების შემცირება გამოიწვიოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ეს კი, თავისთავად საკვების ხელმისაწვდომობაზე მოახდენს გავლენას”. – თქვა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა, ჯონ ბაფესმა.