გურიაში ილორობისათვის შესაწირ ხარს „ილორას“ ეძახდნენ

ილორობა ყველაზე დიდი დღესასწაული იყო დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურულებიც ოდითგანვე დიდ პატივს სცემდნენ ილორის წმინდა გიორგის და მის მოსალოცად თუ კი ვინმეს წასვლა შეეძლო მიდიოდა ან შესაწირავს აგზავნიდა.
.
გურიაში ყველიერის ხუთშაბათს იმართებოდა დღესასწაული “ილორობა”. ილორობას ყველაზე დიდი შესაწირი ხარი გახლდათ, რომელსაც სპეციალურად ამ დღისათვის ზრდინენ. აბაკელიას მიხედვით – „გურიაში ილორობისათვის შესაწირ ხარს „ილორას“ ეძახდნენ. ხოლო ცხოველების გამრავლებისათვის დღეობას „ილორობას“ ყველიერის ხუთშაბათს მართავდნენ (ნ. აბაკელია 1985)“.
.
ლანჩხუთში ჩაწერილი თქმულების მიხედვით – მე-19 საუკუნის დასაწყისში ლანჩხუთს აფხაზები დასხმიან თავს და წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ, რომელიც ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. ლანჩხუთლები დღემდე სცემენ ამ ხატს დიდ პატივს: დადიან ილორის მონასტერში მოსალოცად და ყოველწლიურად ხარს სწირავენ (დ. კერესელიძე 1897 წელი), სავარაუდოდ ამ თქმულებიდან რეალური ილორის წმინდა გიორგისადმი ძალიან დიდი პატივისცემა გახლავთ, ასევე რეალურია ილორობას შესაწირი ხარის გაზრდა.
.
“ილორობას გურიაში გამოაცხობდნენ ძალიან დიდ ხაჭაპურს, რაც შეიძლება მეტი ყველით სავსეს – ძროხა კარგი მეწველი იქნებაო. გააკეთებდნენ ძროხის ცურის მსგავს ცომს, ამასაც ყველს ჩაურთავდნენ და გამოაცხობდნენ, საქონელს რქებზე სანთელს დაუნთებდნენ და ლოცულობდნენ: „ ღმერთო და ილორის წმნდაო გიორგი, იხსენი ჩვენი სა-ქონელი ჭირისა და ფათერაკისაგან, ნადირის კბილისაგან, ძვალი ტვინით გუუფსე, ტყავი ხორცით გუუფსე, ცურნი რძეით გუუფსე, და პატრონს მშვიდობაში და სიამეში მოახმარე“. საქონელზე თავშემოვლებულ სანთელს ეკლესიაში წმ. გიორგის ხატთან დაანთებდნენ” (ა. წულაძე. ეთნოგრაფიული გურია).
.
ილორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატზე გამოსახულია – წმინდა გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი, რაც სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ საეკლესიო ხელოვნებაში, ეს სცენა სიუჟეტურად ილორობასთან არის დაკავშირებული. „ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ წმინდა გიორგი 10 ნოემბერს (ძველი სტილით) სახელგანთქმული მატრვილი ხარს იპარავდა და ჩუმად მიყავდა ილორის ეკლესიის გალავანში“ (აბაკელია).
.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ეკლესიის გალავნის კარებს ჩაკეტავდნენ და ხალხი ღამეს გარეთ ათევდა. დილით, როდესაც გალავნის კარებს გააღებდნენ, ნახულობდნენ ხარს, რომელიც წმ. გიორგისთვის იყო სამსხვერპლოდ განკუთვნილი. ამ სასწაულის საუწყებლად იწყებოდა ზარების რეკვა, ხალხი ლოცულობდა და ადიდებდა წმინდა გიორგის და ხართან ერთად ეკლესიას ლიტანიით გარს უვლიდა.
.
„ამ ხარზე შემდეგ მკითხაობდნენ, ხოლო მისი ხორცი, რომელიც წვრილად იჭრებოდა და რიგდებოდა ხალხში, ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა ნებისმიერი ავადმყოფობის დასაძლევად“ (ნ. აბაკელია 1985).
.
შემდეგ ხარს გალავნის გარეთ გაიყვანდნენ და დაკლავდნენ. ხარის ხორციდან თავის წილი ეკუთვნოდა იმერეთის მეფეს, გურიის და სამეგრელოს მთავრებს ასევე წარჩინებული გვარების წარმომადგენლებზე, დანარჩენი ხორცი წვრილ ნაჭრებად იჭრებოდა და ხალხში რიგდებოდა. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ, როგორც ბოროტისა და ავი სულისაგან დამცველს.
.
ილორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share