რეჟისორი თემურ ჩხეიძე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ჟურნალ “გზასთან” საუბრობს. მისი განცხადებით, ორივე მხარე ცდება და ჯერაც გაურკვეველია, სინამდვილეში რამ გამოიწვია ომი:
” ომთან დაკავშირებით ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. როგორ შეიძლება ამ უბედურებაზე რაიმე გასამართლებელი ვთქვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ არის რაღაც კოდექსი, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობის? ხომ არის რაღაც, რაც არ შეიძლება! შეიძლება ეს არსად წერია, მაგრამ არ შეიძლება, არა! იძახეთ, ამ 21 საუკუნეშიც ეს რა ხდებაო! ადამიანი არ იცვლება, ეტყობა, ყოველთვის ისეთია, როგორიც მუდამ იყო. მხოლოდ ტექნიკა შემოდის სხვა, ეგ არის და ეგ. კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არა ზნეობრივად. შეიძლება ინდივიდუალურად, კანტიკუნტად. სიკვდილით დასჯა აღარ არის, მაგრამ აგერ ომია იმისთანა… რას ჰგავს ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა… ომი საშინელებაა, ამაზე არც ღირს მსჯელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ვერაფრით ჩავწვდი. რაღაც აქეთა მხარესაც დარღვეული აქვს, უკრაინას თუ ამერიკას, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ ხომ მოაწერეს ხელი, რომ არ წამოვიდოდა ნატო აქეთ, მაგრამ წამოვიდა. თუმცა ეს არ ამართლებს ამხელა კაცის კვლას. იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო. რუსეთს კი არ ვიცავ, ჩემი პროფესიაა ყველაფრის გაანალიზება. ეს არის ჩემი მთელი რეჟისურა, გამოვიკვლიო, რა მოხდა და რატომ, როგორ? ყაზბეგის ხევისბერი გავიხსენოთ, კაცმა შვილი მოკლა. არ უნდა გავიგოთ, რატომ? რამ მიიყვანა იქამდე? თუ არაფერმა, მაშინ პათოლოგიაა. აგერ ნახევარი ევროპა ცეცხლშია გახვეული და ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ?
ყველაზე მეტად რაც საშიში იყო, ის მოხდა! მეორე მხრივ, ვერ დავივიწყებ იმ ადამიანურ ერთგულებას, რაც იმ ხალხმა ჩემ მიმართ გამოიჩინა წლების განმავლობაში და ამხელა რამე რომ შემემჩნია, როგორ ფიქრობთ, იქ გამჩერებელი ვიყავი?
მინდა გავიხსენო პირველ სპექტაკლზე მუშაობა. 90-იანი წლები იყო. თეატრში საერთო საცხოვრებელივით აქვთ და ერთ ოთახში ვცხოვრობდი. ერთ დღესაც მაცივარი გამოვაღე და სავსეა, დღემდე არ ვიცი, ვინ გააკეთა. ყველამ თითო რაღაც ჩადო და ჩემი მაცივარი გაივსო, იმათი კი – არა. ტოვსტონოგოვის თეატრში ნახევრზე მეტი უკრაინელია წარმოშობით: ივჩენკო, რომელიც ხარკოვშია დაბადებულ-გაზრდილი. ასევე ვალერი დეგტიარი, რომელიც წამყვანი მსახიობია. დღესაც მაქვს კავშირი, თუმცა სატელეფონო ხაზზე როცა გამოდიან, ვცდილობთ ფრთხილად ვიყოთ. მთავარია, გავიგო, რომ ცოცხლები არიან.” – აცხადებს ჩხეიძე.