“რუსეთთან კარგად ვიქნებოდით, თუ მოგვექცეოდნენ­, როგორც თანასწორ, მეგობრულ სახელმწიფოს და არა როგორც ვასალს!”

“რასაკვირველია, რუსების უმრავლესობას იმპერიალისტური განწყობა აქვს. მე ბევრი მეგობარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო დავკარგე… არის ხალხი, რომელსაც ისე უყვარხარ, შენ გამო შეიძლება ტყვიას გადაეფაროს, მაგრამ არასოდეს აღიარებს აფხაზეთს, როგორც შენს ქვეყანას. ვერაფრით ათქმევინებ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა…” – ამბობს დათო ევგენიძე, რომელიც მიმდინარე მოვლენების შესახებ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:

”რაც დღეს უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას იგივე ბევრჯერ გადახდა და ეს დღესაც გრძელდება. ეს არის რუსეთის ხელწერა. რა სისასტიკის მომსწრეც ახლა გავხდით, იგივე ხდებოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში… 9 აპრილს ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლას­ შეეწირა… 1978 წელს ჩვენი ძალისხმევით შევინარჩუნეთ ენა… რუსეთმა 1921 წელსაც წაგვართვა თავისუფლება­ და მაშინ დასავლეთს მისთვის ხელი რომ შეეშალა, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.

ხალხი ასეთ ხელისუფლებას რომ ემხრობა, ეს რუსეთისთვის დიდი ტრა­გედიაა!­ მაგრამ არიან დისიდენტები, რომლებიც რეჟიმს დაუპირისპირდნენ და ქვეყნიდან წავიდნენ. საღად მოაზროვნე­ ხალხი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში. ცნობილი მწერლები და პოეტები გაქცეული იყვნენ რუსეთიდან. კი ბატონო, ვიქნებოდით რუსეთთან კარგად, თუ მოგვექცეოდნენ­, როგორც თანასწორ, მეგობრულ სახელმწიფოს და არა როგორც ვასალს! ჩვენ ყოველთვის თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ჩვენი­ მეფეები მაშინ ომობდნენ, როცა საჭირო იყო და თავსაც წირავდნენ, რომ ხალხი, ქვეყანა არ დაეღუპათ. დემეტრე თავდადებულის თავგანწირვა ამის ნათელი მაგალითია! ახლაც ჩვენს ქვეყანას ბეწვის ხიდზე აქვს გასავლელი! რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, გაერთიანებაა! როგორ შეიძლება ახლა, როდესაც გველეშაპი კართან დგას, ქვეყანა პოლიტიკური ნიშნით იყოს გაყოფილი]?! მთავარი ხომ ქვეყნის გადარჩენაა! გვყავს გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობენ და რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ მათი გულწრფელი პროტესტის საკუთარ პოლიტიკურ ანგარიშზე მიწერა მიუღებელია! ეს ბავშვები მთელი საქართველოს სათქმელს გამოხატავენ. დღეს ყველა ქართველი უკრაინის მხარეს დგას, ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს!იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩვენ მიმართ უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ისმის,­ არ ვეთანხმები. არ მახსოვს, 2008 წელს რომელიმე ქვეყანას, თუნდაც უკრაინას, რუსეთისთვის რამე სანქცია დაეწესებინა. არც მეორე ფრონტი გაუხსნია ვინმეს…

მოსკოვის კონსერვატორიაში ბევრი უკრაინელი მეგობარი შევიძინე. დნეპროპეტროვსკში კურსელი მყავდა, რომელთანაც ერთხანს ვცხოვრობდი… მაშინ არც მიფიქრია, რა განსხვავებაა რუსებსა და უკრაინელებს შორის. პირიქით, მათ ბევრი საერთო აქვთ, დღეს კი ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა მეორეს ესხმის თავს და სასტიკად უსწორდება!” – აცხადებს ევგენიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share