ბესო ზანგური თვლის, რომ ბედისწერამ არაერთი დაუმსახურებელი სასჯელი და ტკივილი არგუნა და ბევრი მტერიც გაიჩინა, თანაც – უღირსი, ზურგს უკან რომ უთხრის ორმოს. ზურგს უკან ორმოს თხრას ჩვენს ნაკლად მიიჩნევს, თუმცა ის, რომ ქართველია და აქ დაიბადა, სიამაყის საფუძველს ყოველთვის აძლევს:
” რაც წლები მემატება, სამშობლოს ხსენებაზეც კი რატომღაც სევდა მეუფლება. დედასთან იგივდება, სხვანაირად ვგრძნობ, სხვანაირად აღვიქვამ, ვფიქრობ, რამხელა სევდის მატარებელია ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანი და უფრო შემწყნარებელი ვხდები. იცხოვრო საქართველოში და გერქვას ქართველი, ეს ნიშნავს, მუდმივად ატარებდე სევდას გულით, მუდმივად გინდოდეს რაღაც, მაგრამ თან იცოდე, რომ ის რაღაც, რაც სხვა ქვეყანაში უსრულდებათ ადამიანებს, შენ არასდროს აგისრულდება. მიუხედავად ამისა, მაინც ამაყობ, რომ ხარ ქართველი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან! ეს გულიდან ამოსული სიტყვებია, მართლაც სხვანაირად მიყვარს ჩემი მთაც და ბარიც, რადგან ვიცი, თითოეული გოჯისთვის ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლე გაწირეს. როგორც მშობელ დედას ვერ დაივიწყებ, ასე ამ ქვეყანას ვერ მოიწყვეტ გულიდან და ვერ მოშორდები.
“ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით! ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო…” – ეს არის ქართველების სენი, გაუტანლობა, ფარისევლობა და სხვისთვის ორმოს გათხრა. მაშინაც იყვნენ ადამიანები, ვისაც სძულდათ თავიანთი ქვეყანა. რამდენ სიკეთესაც აკეთებ, იმდენი ორმო გხვდება უკან, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. რამდენჯერაც სიკეთე გავაკეთე, იმდენჯერ მიმტრეს. ვერ ვხვდები, რატომ უყვართ შენი მტერი ან ადამიანი, რომელსაც შენს თანასწორად მიიჩნევ და დახმარების ხელს უწვდი, გულს რატომ გტკენს?!. მართალია, გველივით ჭრელი და მრავალსახოვანია ადამიანი, რომელიც სარგებლობს შენით და ძირს გითხრის. აღარაფერს ვიტყვი იმ ხალხზე, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს.
საერთოდ პოლიტიკას უნდა შეხედო იუმორით. ეტყობა, ჩერჩილი გაურბოდა “ისტობას”. ჩვენ კი, როგორც ჩანს, მოგვწონს პოლიტიკოსების სიყვარული, ქართველებისაც და უცხოელებისაც. ჯერ “ზვიადისტები” იყვნენ, მერე შევარდნაძეს დაუდგნენ მუხლზე, სააკაშვილზე ხომ დღემდე აფანატებენ, რაც სიგიჟეა. ორ მომდევნო პრეზიდენტს ასეთი სიყვარული აღარ ხვდა წილად. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. შეხედეთ, რა ხდება “ფეისბუკზე”. რამდენი მეგობარი მყავს და ყველა წერს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკაზე; აგრესიისა და სიძულვილის მეტს ვერაფერს ნახავ, ეს ბოლო 2 თვე – განსაკუთრებით. ერთი სიტყვით, მართალს ამბობს ჩერჩილი, თუ პოლიტიკოსი შეგიყვარდა, აუცილებლად უნდა მიმართო ფსიქიატრს თუ არა, ფსიქოლოგს მაინც.” – აცხადებს ზანგური.
ჟურნალი “გზა”