შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობს, დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ შეთავაზებულ სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაიყოლიოს და არა პირიქით – წაახალისოს, რათა სამედიცინო სერვისის მიღებაზე უარი თქვას:
„იყო ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა. ვნახეთ, მასთან დაკავშირებით პენიტენციური სისტემის პასუხი. ფაქტების დონეზე რაც ჩანს, არის ის, რომ პატიმარს დეპრესია აქვს და დეპრესიიდან გამომდინარე გარკვეულ დახმარებას საჭიროებს, მათ შორის ფსიქოლოგის დახმარებას, რაზეც თავად ამბობს უარს. ჯანმრთელების პრობლემები ამ დეპრესიის ფონზე აქვს.
რასაც ჩვენ ომბუდსმენის, ოჯახის წევრებისა თუ პოლიტიკური გულშემატკივრების მხრიდან ვისმენთ, არის მიხეილ სააკაშვილის წახალისება, გააგრძელოს შეთავაზებულ სამედიცინო სერვისზე უარის თქმა – არის იმედის გაჩენა მისთვის, რომ თუკი ის ამ გზას მიჰყვება, მისი გათავისუფლება მოხდება. ამის ნაცვლად ომბუდსმენი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები იმით უნდა დაკავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაითანხმონ. მას ფსიქოლოგის მომსახურება სჭირდება.
სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა ყველა პატიმრისათვის დამთრგუნველია, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, ამას სასჯელი და სასჯელის აღსრულება მოჰყვება, რასაც გარკვეული დისკომფორტიც აქვს. მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ორი დანაშაული ჩაიდინა – მან საქართველოს პარლამენტის წევრი აცემინა და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.