“ის ფაქტი, რომ ზელენსკი ებრაელია, არ უარყოფს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს. მე მჯერა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაესხა თავს. მის კომენტარს The Jerusalem Post აქვეყნებს.
ლავროვმა ინტერვიუში თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია, ხელი შეუწყოს სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, თუ ის შეწყვეტს ბრძანებების მიცემას “თავის ნაცისტური ძალებისთვის, რომლებიც ჩადიან დანაშაულს”.
“როგორც რუსეთში იტყვიან, პრეზიდენტ ზელენსკის 7 პარასკევი აქვს. დღის განმავლობაში შეუძლია აზრი რამდენიმეჯერ შეიცვალოს. მოვისმინე მისი პოზიცია დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები მოლაპარაკებებს საბოტაჟს უცხადებენ და ზუსტად ისე იქცევიან როგორც მინსკის მოლაპარაკებების დროს. ფაქტია რომ ნაციფიკაციის პრობლემა არსებობს, რადგან ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს, აზოვისა და აიდარის მებრძოლებს სხეულზე ნაცისტური ბატალიონების სვირინგები აქვთ და პროპაგანდას უწევენ „მაინ კემფს“.
როდესაც ზელენსკის არგუმენტად მოჰყავს რომ ის ებრაელია და ნაციფიკაცია მასთან არაფერ შუაშია, თუ სწორად მახსოვს და არ ვცდები, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს არაფერს ნიშნავს და ჩვენ უკვე დიდი ხანია გამოვედით იმ ბრძნული ებრაული გამონათქვამებიდან, რომელიც გულისხმობს რომ ყველაზე დიდი ანტი-სემიტები ებრაელები არიან”, – თქვა ლავროვმა.
BBC-ის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის “უპატიებელი” განცხადება დაგმო და ლავროვი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი “განმარტებისთვის” და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ცნობისთვის, ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომში, ჰოლოკოსტის დროს, ექვსი მილიონი ებრაელი მოკლა.