გიამბობთ ერთ-ერთ პირველ ქართველ მფრინავი ქალზე – ფადიმე, იგივე ფადიკო გოგიტიძეზე.
დაიბადა 1916 წელს ქობულეთში. ბავშვობიდან ოცნებობდა ფრენაზე, მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა, ერთხელაც იქნება, მეც გავფრინდები ცაში და ზღვას ზემოდან გადმოვხედავო. როცა მშობლებმა ფადიკოს გულის წადილი გაიგეს, გაოცდნენ, გოგოს მფრინავობა ვის გაუგიაო! მაშინ საფრენოსნო სკოლა ახალი გახსნილი იყო და პილოტებიც მხოლოდ კაცები იყვნენ. მაგრამ გოგონას არაფრის გაგონება არ სურდა. ის თავისი გულის წადილის ერთგული იყო და იცოდა, რომ ვერავინ შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას. დარწმუნებული იყო, რომ მშობლები ხელს შეუშლიდნენ და ხრიკს მიმართა. სახლში თქვა, თბილისში საექიმოზე ვიწყებ სწავლასო, ჩუმად გაიპარა და ახლად გახსნილ საფრენოსნო სკოლაში ჩაეწერა. მალე ისეთი კარგი მფრინავი გახდა, რომ მისი ამბავი გაზეთშიც დაბეჭდეს. როგორც გაზეთი “საბჭოთა აჭარა” 1936 წლის აგვისტოს ნომერში წერდა, ფადიკო გოგიტიძეს საფრენოსნო საქმე ერთ წელში უნდა შეესწავლა:
“ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი. ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარის სიზუსტითა და სილამაზით”.
წერდნენ, რომ პირველ ურთულეს საცდელ ფრენას არაჩვეულებრივად გაართვა თავი, ნისლში გახვეულ სურამის უღლეტეხილს გადაუფრინა და თბილისიდან ბათუმში შევარდენივით გადაფრინდაო.
წარმოდგინეთ მშობლების გაოცება, როცა პილოტის ფორმაში გამოწყობილი თავისი ქალიშვილის ფოტო გაზეთში იხილეს. თვალებს არ უჯერებდნენ. მათ ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი ქალიშვილი მფრინავი იყო.
ასე გახდა ფადიკო ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალი საქართველოში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტუქტორად. ბათუმში აეროკლუბი მოსახლეობის მიერ ნებაყოფლობით შეგროვებული თანხებით მოეწყო. აქ ხდებოდა მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავია-მოდელისტთა კადრების მომზადება “წარმოებიდან მოუწყვეტლად”.
ფადიკო გოგიტიძე 24 წლის ასაკში საბედისწერო შემთხვევას ემსხვერპლა. ახალი თვითმფრინავი უნდა გამოეცადა, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ის მწყობრიდან გამოვიდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხხვერპლა, მაგრამ მისმა სიმამაცემ, შეუპოვრობამ და საქმისადმი სიყვარულმა ბევრ გოგონას გაუხსნა გზა ღრუბლებში უშიშრად ფრენისკენ.
2013 წელს ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან გაიხსნა მისი ბიუსტი. ბათუმში ასევე, არსებობს მისი სახელობის ქუჩაც.
წყარო : ფეისბუქ-გვერდი ფოტო ამბები