“შემეძლო, კავშირი მქონოდა გარკვეულ შეძლებულ საზოგადოებასთან, მიმესვლებოდა და მიმესვლება… რატომ უნდა ვუჭერდე მხარს ციხეში ჩასმულ მომაკვდავ ადამიანს, რა მოგებას ვიღებ?! მხოლოდ ის მინდა, ჩემი ქვეყანა არ იყოს სამარცხვინო მდგომარეობაში და ბოგანოები პრეზიდენტებს არ გვიკლავდნენ…”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” საუბარში მხატვარი გია ბუღაძე…
”ძალიან მაღელვებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი რომ მოვკალით, მეორე – ლამის მოვკალით და ორჯერ ავაფეთქეთ, მესამეს კი ახლა ვკლავთ… აქ არ არის საუბარი, რომ მე ზვიადისტი ვარ, შევარდნაძისტი ან მიშისტი… მსოფლიოს წინაშე ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდით და ქვეყნის პირველ პირებს ვკლავთ!
ამჯერად ეს არის ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი: თუ მინდა, შემდგარი ქვეყანა მქონდეს, პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვკლა! რუსეთსაც ეგ უნდა, თქვას, – ნახეთ, ეგ რა სახელმწიფოა, პრეზიდენტებს კლავენო. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ჩვენს ქვეყანას ყველაზე მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილებ აქვს… ახლა კი, მესამე პრეზიდენტის მოკვლა მაგას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოდ ვერ შევდექით და ვერც შევდგებით!
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ამ ადამიანმა დაუშვა (როცა ვინმე ამდენ საქმეს აკეთებს, იგი შეცდომებსაც უშვებს) არის ის, რომ საქართველოში ჩამოვიდა! მას ეგონა, რომ საქართველოში სულ სხვა ვითარება დახვდებოდა და ადამიანები აჰყვებოდნენ. დღეს საზოგადოება ძალიან დათრგუნვილია, ძალა და ენერგიაც აღარ აქვს და ზოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილის საჭიროება დღეს უკრაინაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. ამაზე მწყდება გული ყველაზე მეტად!
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ჩვენს ყველაზე დიდ მტერს – რუსეთს არ ვათქმევინოთ, რომ ჩვენ სახელმწიფო არასოდეს ვიქნებით! რა თქმა უნდა, სააკაშვილის მოკვლა რუსეთის გეგმაა! პრეზიდენტის მოკვლით მტკიცდება, რომ სახელმწიფო არ ვართ და რუსეთი ხომ მაგას ამტკიცებს, – რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის! ჩვენ ხომ საერთოდ ვინ ვართ, ერთი მეხინკლე და მეხაჭაპურე ხალხი, მათი თქმით, არარაობა ვართ, კრიმინალური მიდრეკილებებით…
ამ დროს, ჩვენ ძალიან ძლიერი ერი ვართ! აი, ნახეთ, ის 2-ათასამდე ქართველი მებრძოლი ვაჟკაცი, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან! ყველაზე თავდადებული მებრძოლები არიან. ყოველთვის ასე იყო ჩვენს ისტორიაში – ერთზე ხუთი და ათი მოდიოდა!
ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რა არის პუტინის საცხრამაისო სურვილი?! – დიდი ევრაზიული ცენტრი, მთლიანი სამყარო, რომლის ცენტრი მოსკოვი იქნება! ეს არის მისი სურვილი და უკაცრავად, რა!.. ამხელა კულტურები, სახელმწიფოებრივი გამოცდილებები გააქრო, ასეთი რამ მხოლოდ შიზოიდს თუ მოუვა თავში. მაგის პათოლოგიური გამოსვლები ნახეთ, თურმე, მთელი სამყაროს გადამრჩენი რუსული სამყარო – “რუსკი მირ“ ყოფილა…
აქაც არიან ადამიანები, რომლებიც „პრაგმატულები“ არიან, რაც მთავარია, კოლაბორაციონისტები, ფული და ბიზნესები რუსეთიდან აქვთ… ხომ იცით, ბოგანო რომ გამდიდრდება, მერე ძალაუფლების სურვილიც უჩნდება და რეალურად ეგრეც არის, ბიძინამ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო! იმ დავალებას ასრულებს, რომელიც მიცემული აქვს იმ ცენტრიდან, რომელიც დღეს კრემლშია!” – აცხადებს ბუღაძე.